ნათია თურნავა – ინფლაციის დინამიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით პროგნოზირება რთულია, დასტაბილურება დამოკიდებული იქნება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ხანგრძლივობასა და გარე ბაზრებზე ნავთობის ფასის დინამიკაზე, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ საბაზო ინფლაცია და მომსახურების ფასების ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი ნიშნულიდან კვლავაც არ არის ძალიან მნიშვნელოვნად გადახრილი და 3.2% და 3.7%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.

„ეს პოზიტიური ტენდენციაა და ნიშნავს, რომ ინფლაციური მოლოდინები საკმაოდ კარგად არის მართული. ასევე პოზიტიური ფაქტორია ჩვენს შემთხვევაში ის, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა მომდინარეობს მაღალპროდუქტიული დარგებიდან, რაც მიუთითებს, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლა განეიტრალებულია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პოზიტიური ფაქტორია საქართველოს სავალუტო ბაზარზე არსებული სტაბილური ვითარება, რაც გარკვეულწილად ამცირებს ინფლაციურ წნეხს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, რასაც განაპირობებს ძლიერი მაკროეკონომიკური ფაქტორები და სავალუტო შემოდინებები. ესეც გარკვეულწილად ამცირებს იმპორტული საქონლიდან ინფლაციური წნეხს და პოზიტიურად მოქმედებს ჩვენს შემთხვევაში. თუმცა, კვლავაც უნდა გაესვას ხაზი მთავარ ფაქტორს გეოპოლიტიკური გაურკვევლობის თვალსაზრისით, რასაც ჩვენი მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრების გზით ვმართავთ”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები