შალვა პაპუაშვილი: როგორც ქართული ფასეულობები, ისე დემოკრატია, რამდენიმე თავით მაღლა დგას ვიდრე ის, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ
“უფრო მეტად მიჩნდება კითხვა, საერთოდ რა გვაქვს საერთო ასეთი ღირებულებების პოლიტიკოსებთან და ადამიანებთან. როგორც ქართული ფასეულობები, ისე დემოკრატია, რამდენიმე თავით მაღლა დგას ვიდრე ის, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს იმაზე, რომ მათი ტელეკომპანია ცდილობს გაასაჩივროს გადაწყვეტილება, რაც ევროპარლამენტმა სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიიღო.
„მგონი „რუსთავი 2“-ის საქმე კარგი მაგალითია იმის, რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივად ჟურნალისტების დევნასთან, რაც არის სიტყვის ჩახშობის ერთ-ერთი მეთოდი, ან სურვილისგან არის განპირობებული. მეც ვნახე სავარაუდოდ, რაზეც არის საუბარი, რაც შეეხება ევროპარლამენტარ მარკეტა გრიგორიევას და მგონი ყველამ ნახა ეს კადრები. ამაზე თუ შეიძლება იყოს საქნცია რომელიმე პარლამენტში, საქართველოში ვერცერთი ჟურნალისტი ვერ იმუშავებდა მაშინ. ის [კადრები] რაც ვიხილეთ, ეს თუ არის ევროპული სტანდარტი, რომ ამის გამო ჟურნალისტი დაასანქცირო, მაშინ საქართველოში საერთოდ ჟურნალისტი ვეღარ იქნებოდა. ვინ გვედავება, როდესაც უყურებ ევროპარლამენტის კორუფციას, ჟურნალისტების დევნას, მტრულ და ფაშისტურ განცხადებებს?! ამად იქცა დღეს ევროპარლამენტი. სამწუხაროდ ვაკვირდებით ევროპარლამენტის სოვეტიზაციის ფინალურ ეტაპს.
ამის იქით უკვე საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაა და მართლაც სასწაულია, სადამდე მიიყვანეს ზოგიერთმა აღმოსავლეთ ევროპულმა პოსტ სოციალისტურმა ქვეყანამ [ევროპარლამენტი] – თავისი თავი დაიბრუნეს საბჭოთა წარსულში რასა იუკნევიჩიენემ და სხვა მსგავსმა საბჭოთა მოქალაქეებმა, რომლებიც თავის დროზე გორბაჩოვის თანამებრძოლები იყვნენ. კარგია, თუ ამას [ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას] ასაჩივრებთ, არ ვიცი რა გადაწყვეტილება ექნება ევროპარლამენტს, თუმცა ის რაც ვიხილეთ როგორ ცდილობენ ჩაახშონ თავისუფალი მედია, უფრო მეტად მიჩნდება კითხვა, საერთოდ რა გვაქვს საერთო ასეთი ღირებულებების პოლიტიკოსებთან და ადამიანებთან. როგორც ქართული ფასეულობები, ისე დემოკრატია, რამდენიმე თავით მაღლა დგას ვიდრე ის, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ. ასეთ ევროპარლამენტში არანაირად არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ მონაწილენი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.