რომელი პროფესიის წარმომადგენლები არიან კორონავირუსით დაავადების რისკ-ჯგუფში და ინფექციონისტის რჩევები საზოგადოებას
ინფექციონისტი თიკო ქორიძე “კვირას” კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე ესაუბრა და ის სარისკო პროფესიები ჩამოთვალა, რომელთა წარმომადგენლებმაც თავი განსაკუთრებით უნდა დაიცვან.
როგორც ინფექციონისტი აცხადებს, დიდი საფრთხის წინაშე დგანან ჟურნალისტები, პოლიციელები, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და მესაზღვრეები.
“გუშინ, ერთ-ერთი პაციენტი მოიყვანეს, სპეციალური აღჭურვილობით მოვიდა სამედიცინო პერსონალი და ჟურნალისტი გოგონა ყოველგვარი პირბადისა და თავდაცვის გარეშე, ისე, რომ დისტანციაც არ ჰქონდა დაცული, პირდაპირ სასწრაფო დახმარების მანქანისკენ მიიწევდა. ნუ ჩავიგდებთ თავს საფრთხეში, ჟურნალისტმაც და ოპერატორმაც ატარონ პირბადეები და დისტანცია დაიცვან.
რაც შეეხება სხვა სარისკო პროფესიებს ვირუსთან მიმართებაში: იგივე პოლიციის თანამშრომლები იდგნენ მთელი ღამის განმავლობაში პირბადის გარეშე, რაც სახიფათოა. ასევე მაღალი რისკია მესაზღვრეებისთვის, რადგან საზღვარზე გადმოსულ პირებთან ხშირი კონტაქტი აქვთ და ნებისმიერი დაწესებულების სამედიცინო პერსონალისთვის,” – განაცხადა თიკო ქორიძემ.
ინფექციონისტის თქმით, პანიკის საფუძველი არაა. ასევე, ვერ ხედავს სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების საჭიროებას და რეკომენდაციის სახით ჰიგიენის ნორმების გამკაცრებას გვთავაზობს.
“გაფრთხილება გვმართებს, მაგრამ პანიკისა საფუძველი არ არის. როგორც სეზონური ინფექციების შემთხვევაში გვაქვს გარკვეული მითითებები, რომ მოვარიდოთ ბავშვები და ჩვენც მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებს, როგორიცაა: ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები. თუ გვაქვს სასუნთქი სისტემის გამოვლენილი პრობლემები: სურდო, ხველა, უკეთესია იზოლირება გარშემომყოფებისგან და უნდა მოვერიდოთ დაავადებულ ადამიანს.
არამარტო ვირუსის, არამედ ზოგადად, ყოველთვის საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების დაცვა: ხშირი განიავება სკოლებსა და ბაღებში, დალაგება, ჰიგიენის ნორმების დაცვა, როგორიცაა: ხელების დაბანა, პირბადის ტარება,” – განაცხადა ინფექციონისტმა.
თიკო ქორიძემ ასევე აღნიშნა, რომ პირბადეების დეფიციტი არ ქმნის გამოუვალ მდგომარეობას და მისი დამზადება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.
“არ არის აუცილებელი, რომ აფთიაქში შევიძინოთ პირბადე, დამზადება სახლში ჩვენ თვითონ შეგვიძლია სამედიცინო ბინტების საშუალებით, 7-8 ფენა დავჭრათ, გადავაკეროთ ხელით და გამოვიყენოთ პირბადედ. ნებისმიერი პირბადე, აფთიაქში ნაყიდი თუ ჩვენ მიერ დამზადებული, უნდა იცვლებოდეს ყოველ 2 საათში.
დაავადებულ ადამიანთან დისტანცია უნდა დავიცვათ, 1 მეტრზე ახლოს არ უნდა მივუახლოვდეთ. ან თუ ჩვენ გვაქვს ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი ჩივილები, უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში გასვლას, ან დავიცვათ გარშემომყოფები პირბადით, თავი შევიკავოთ გადაკოცნისგან, ჩახუტებისგან,” – აღნიშნა ინფექციონისტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული.