ირაკლი კობახიძე: თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე საარჩევნო სისტემა, ეს ინფორმაცია არის არასწორი
ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი, – ასე უპასუხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ვაშაძის განცხადებას.
როგორც კობახიძემ დიპლომატებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით.
„დღეს გვქონდა დიპლომატების მიერ ორგანიზებული საუზმე და მათ ამისთვის რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ. ბუნებრივია, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან და განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. ბუნებრივია, ამაზეც იყო დისკუსია. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი.
დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემას და ბუნებრივია, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია გვპასუხობდა ან პირიქით. სხვადასხვა საკითხზე, პრინციპზე იყო საუბარი, როგორც პროპორციებზე პროპროციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის, ისე საუბარი იყო მაგალითაც 40 % -ზე: როგორც იცით, ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ პარტია იღებს 40 %-ზე ნაკლებს, მას არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის მიღების საშუალება. ასეთ თემებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს არ იყო მოლაპარაკება. გავიმეორებ, როგორც ასეთი წინადადება 110/40-ზე არ დამდგარა ჩვენი მხრიდან. ეს იყო დისკუსია სხვადასხვა ასპექტთან მიმართებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ” ახალი ინიციატივა – 110/40-ზე სისტემა წარმოადგინა.