კობა კობალაძე: გია კრიალაშვილის ოჯახი ითხოვს კითხვებზე პასუხს, სახელმწიფო ვალდებულებაა, რომ გამოტანილი იყოს სამართლებრივი პოზიცია
მუხროვანის სპეცოპერაციის შემდეგ დაღუპული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის ოჯახი ითხოვს კითხვებზე პასუხს, მათ ამის არა მარტო უფლება აქვთ, არამედ სახელმწიფო ვალდებულებაა, რომ თითოეული ასეთი არასამართლებრივი ქმედებით დაზარალებული ოჯახის მიმართ გამოტანილი იყოს სამართლებრივი პოზიცია, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გეენრალმა კობა კობალაძემ განაცხადა.
კობალაძე ყოფილ პრემიერთან და შს მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გია კრიალაშვილის დის, ლია კრიალაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
„სასამართლო პროცესის მიმდინარეობამ რეალურად მაშინ საზოგადოებას დაანახა არსებული, გამოგონილი ისტერიის და ისტორიის აბსურდულობა. არ მგონია, ბევრი იყოს ისეთი ღირსეული ადამიანი, როგორიც იყო გია კრიალაშვილი. ის იყო და არის ჩემი მეგობარი, თანამებროძოლი. მას რეალურად ჰქონდა ამ ქვეყნისთვის მცდელობა იმისა, რომ ყოველთვის რაღაც სიკეთე გაეკეთებინა. მას ჰქონდა უფლება, თავისი სიმართლე სამართლებრივ სივრცეში დაემტკიცებინა. არავის ჰქონდა იმის უფლება მისი სიცოცხლე ასეთი ძალმომრეობით და დახვრეტით მიესწრაფებინა.
დღეს გია კრიალაშვილის ოჯახი ითხოვს კითხვებზე პასუხს, მათ არა მარტო უფლება აქვთ ამის, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თითოეული ასეთი არასამართლებრივი ქმედებით დაზარალებული ოჯახის მიმართ იყოს გამოტანილი სამართლებრივი პოზიცია. დამიჯერეთ, არავინ მემატება ციხისთვის და უბედურებისთვის.
ვანო მერაბიშვილს დარღვეული აქვს კავშირი თავსა და ენას შორის. ერთს საუბრობს და მერე მთელი მისი გუნდი ამტკციებს, ამის თქმა კი არ უნდოდა, იმის თქმა უნდოდაო. რაზე ვისაუბროთ? ადამიანს მიეცა გარკვეული ხელისუფლება ხელში და როგორ გამოიყენა, დავინახეთ. რა ვქნათ? კიდევ ვცადოთ ერთხელ? ეს ქვეყანა გაუძლებს კიდევ ამ ბრიყვთა ბოგინს, თუ რა ვუყოთ ამ ყველაფერს?“- განაცხადა კობალაძემ.
ცნობისთვის, დღეს პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ლია კრიალაშვილი მთავარი პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.
მისი თქმით, გია კრიალაშვილის საქმეში იკვეთება არამარტო ვანო მერაბიშვილის, არამედ მიხეილ სააკაშვილის და იმ სპეცრაზმელების ბრალეულობაც, რომლებიც მისი თქმით, ასრულებდნენ არაკანონიერ ბრძანებას.
ჩემი ძმის საქმე უკვე 7 წელია პროკურატურაში დევს, ამაზე ვანო არ გასამართლებულა. მე ვთვლი, რომ ვანოსთვის ახალი ბრალი უნდა წარედგინათ და გაესამართლებინათ. როდემდე შეიძლება ამ საქმეების თაროზე შემოდება? რა თქმა უნდა, პროკურატურასთან მაქვს პრეტენზია. საჯაროდ გავრცელდა ეს კადრები, მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, პრემიები დიდი იქნებაო. გაცემული პრემიების სიები პროკურატურაში დევს, მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა მიწიდან ამოიღეთ გია კრიალაშვილიო. ეს ხომ ლიკვიდაციის პირდაპირი ბრძანება იყო? დღეს ეს საქმე გაურკვეველია ისევ. პროკურატურა აცხადებს, რომ მტკიცებულებები არ აქვს. მე არ ვარ კომპეტენტური გამოძიებაში და ვერ ვიტყვი ვერაფერს, მაგრამ ვთვლი, რომ ბრძანება გაცემულია, კაცი მოკლულია, გაცემული პრემიები პროკურატურაში დევს და რა მტკიცებულებას ელოდება პროკურატურა? ვერ გავიგე რა ითვლება მტკიცებულებად? კაცი მოკლულია, მერაბიშვილს, ფაშას 2 გვამი უნდოდა, ერთი მიიღო, მეორე, საბედნიეროდ, გადარჩა.
კატეგორიულად ვითხოვ გიას საქმის გამოძიების დასრულებას. ყველამ, ვინც დამნაშავეა, ვანოა, თუ ვინცაა, პასუხი აგოს. აქედან მინდა, მივმართო ბატონ ირაკლი შოთაძეს, ვთხოვო, რომ შემხვდეს, გამესაუბროს“, – განაცხადა ლია კრილაშვილმა 19 თებერვალს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თამუნა შეყილაძე