“ათეა”-ს მხარდაჭერით, ახალგაზრდული ფორუმი ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, “ათეა“-სა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით, ბათუმში ორდღიანი ახალგაზრდული ფორუმი – ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმროში „ჰილტონ ბათუმი“ მოეწყო, საქართველოს პრემიერ მინისტრთან – გიორგი გახარიასთან, “ათეა“-ს პრეზიდენტთან – კახა კალაძესთან და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან – გიორგი ტყემლაძესთან, ასევე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან – ნათია ღვინაშვილთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ – თორნიკე რიჟვაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დავითაძემ.  გამომსვლელებმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  მათი განცხადებით, ანალოგიური ღონისძიებები ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი ჩაკვეტაძემ ფორუმის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა და მის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრის მეორე დღე  სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დელეგატებმა და სტუდენტებმა მუნიციპალური სტუდენტური პროექტები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს. ფორუმის დასასრულს კი, ერთობლივი რეზოლუცია შემუშავდა, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი და უზრუნველყოფილი. რეკომენდაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდების მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მაქსიმალურ ჩართულობას და მათ მხარდაჭერას გულისხმობს. ასევე, დელეგატებმა ცენტრალური პროექტი დაგეგმეს, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში კამპანიური ფორმატით განხორციელდება.

ფორუმის ფარგლებში გამოკვეთილი საუკეთესო ინიციატივების შესახებ ნათია ღვინაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ათეა” ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას ყოველთვის მხარს დაუჭერს.

ახალგაზრდული ფორუმი, 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისში დაფუძნდა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ორდღიან ღონისძიებაში, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა  წევრებმა და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები