წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრები ამჯერად ქალაქ დუშეთის №2 საჯარო სკოლასა და დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლაში გაიმართა. კამპანიის – „დაზოგე წყალი“ ფარგლებში მომზადებული ვიდეო რგოლები და პრეზენტაცია, V და VI კლასის მოსწავლეებს წყალმომარაგების კომპანიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ დაფინანსებული პროექტების გარემოს დაცვის კონსულტანტმა, რუსუდან ელიზბარაშვილმა წარუდგინა.
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია საკითხებმა – თუ რა გზას გადის წყალი მოპოვებიდან ჩვენს ონკანამდე, როგორი უნდა იყოს სუფთა წყალი, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება წყლის რესურსზე, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ წყალს და ა.შ
კამპანიის – „დაზოგე წყალი“ მიზანია წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაცია ამომწურავად მიიღეს.
წყალმომარაგების კომპანია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან წყლის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.