თეა წულუკიანი – თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: მიზანია, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ – ეს სანქცია პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას

ჩემი აზრით, მიზანი ის არის, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“, მორიგ ჯერზე შემოიჭრან თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში იგივე ძალები, ვინც მანამდე „იმედში“ ნიღბებით შემოიჭრა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა, ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ეს სანქცია, პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს.

„მე არ მომერიდება და ვიტყვი, მით უმეტეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოსმენილი მოწმეების ჩვენებების შემდეგ, რომ სწორედ ამ მოვლენებმა ბადრი პატარკაციშვილს სიცოცხლე მოუსწრაფა. ამის გამეორება უნდათ, რომ აქ კიდევ ერთხელ გაჩუმდეს ის სიტყვა, რომელიც ისმის – ზოგისთვის ძალიან მისაღები და მოსაწონი, ზოგისთვის მიუღებელი. მათთვის მიუღებელია, ეს ვიცით და ამიტომ უნდათ, რომ თქვენ გაჩუმდეთ. თუ თქვენ აღარ იქნებით, ხალხიც ადვილი სამართავი გახდება იმიტომ, რომ აღარ ექნებათ ალტერნატიული აზრი. ეს ის ფილმია, რაც უკვე ბევრჯერ ვნახეთ, უბრალოდ ახლა ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და ამ ფილმის ეკრანზე გაშვების საშუალებას მათ არ ვაძლევთ, თორემ სცენარი იგივეა.

უფრო კონვენციური და კონსტიტუციური კუთხით თუ შევხედავთ, ჩემი მოსაზრებით, ეს სანქცია, რომელიც არავითარ დამაკმაყოფილებელ დასაბუთებას არ შეიცავს, პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას და იმ მუხლში პირდაპირ წერია, რომ გამოხატვის თავისუფლება სხვა ბევრ რამეს შორის გულისხმობს ინფორმაციის გადაცემის თავისუფლებას. სწორედ ამ ინფორმაციის გადაცემა, რასაც თქვენ გადმოგვცემთ თქვენი არხით, მავანს უნდა რომ შეზღუდოს, ან გაანულოს, რასაც დღემდე ვერ ახერხებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები