გიორგი გახარია: მე არ ვიცი, სოფიო ქაცარავა გუნდიდან ოდესმე წასული იყო
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლევან იზორიასა და სოფიო ქაცარავას ელჩის თანამდებობებზე დანიშვნას გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საერთოდ არ იცის, თუ ქაცარავა გუნდიდან წასული იყო.
„მე არ ვიცი, სოფიო ქაცარავა გუნდიდან ოდესმე წასული იყო? ის ელჩად ზუსტად იგივე კრიტერიუმებით შეირჩა – სოფო ქაცარავა ბრიტანეთში იქნება საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი“, – განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება ლევან იზორიას, პრემიერმა განმარტა, რომ თანამდებობებზე ადამიანები ნათესავების ქმედებიდან გამომდინარე არ ინიშნებიან.
„ლევან იზორია არის მაღალი კლასის პროფესიონალი. მორალური თვალსაზრისით ნათესავების ქმედებიდან გამომდინარე ხომ არ ვნიშნავთ ადამიანებს? ადამიანს ვნიშნავთ იმ პროფესიული ნიშნით, რომელიც მას გააჩნია. ლევან იზორიას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. როგორც მე ვიცი, სამეცნიერო ხარისხი აქვს დაცული. ვიცით, რომ იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, შემდგომ საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. ის ისეთი ელჩია, რომელიც ჩვენ გერმანიაში გვჭირდება“, – აღნიშნა გახარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.