ლია კრიალაშვილი: ჩემი ძმა მოკლულია, მერაბიშვილს 2 გვამი უნდოდა, ერთი მიიღო, ის უნდა გასამართლდეს

მუხროვანის სპეცოპერაციის შემდეგ დაღუპული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გია კრიალაშვილის საქმეზე უნდა გასამართლდეს. ამის შესახებ ლია კრიალაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვანო მერაბიშვილი, ჩემი აზრით, არ უნდა გამოვიდეს ციხიდან. მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაზეც პასუხი არ უგია, არ გასამართლებულა. თუნდაც ჩემი ძმის საქმის თაობაზე. ჩემი ძმის საქმე უკვე 7 წელია პროკურატურაში დევს, ამაზე ვანო არ გასამართლებულა. მე ვთვლი, რომ ვანოსთვის ახალი ბრალი უნდა წარედგინათ და გაესამართლებინათ. როდემდე შეიძლება ამ საქმეების თაროზე შემოდება? რა თქმა უნდა, პროკურატურასთან მაქვს პრეტენზია. ახლა დიდი იმედით ველოდები ბატონი ირაკლი შოთაძის დანიშვნას, იქნებ მან მაინც გადაწყვიტოს რაღაც.

საჯაროდ გავრცელდა ეს კადრები, მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, პრემიები დიდი იქნებაო. გაცემული პრემიების სიები პროკურატურაში დევს, მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა მიწიდან ამოიღეთ გია კრიალაშვილიო. ეს ხომ ლიკვიდაციის პირდაპირი ბრძანება იყო? დღეს ეს საქმე გაურკვეველია ისევ. პროკურატურა აცხადებს, რომ მტკიცებულებები არ აქვს. მე არ ვარ კომპეტენტური გამოძიებაში და ვერ ვიტყვი ვერაფერს, მაგრამ ვთვლი, რომ ბრძანება გაცემულია, კაცი მოკლულია, გაცემული პრემიები პროკურატურაში დევს და რა მტკიცებულებას ელოდება პროკურატურა? ვერ გავიგე რა ითვლება მტკიცებულებად? კაცი მოკლულია, მერაბიშვილს, ფაშას 2 გვამი უნდოდა, ერთი მიიღო, მეორე, საბედნიეროდ, გადარჩა.

კატეგორიულად ვითხოვ გიას საქმის გამოძიების დასრულებას. ყველამ, ვინც დამნაშავეა, ვანოა, თუ ვინცაა, პასუხი აგოს. აქედან მინდა, მივმართო ბატონ ირაკლი შოთაძეს, ვთხოვო, რომ შემხვდეს, გამესაუბროს“, – განაცხადა ლია კრილაშვილმა.

მისივე თქმით, 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ამბოხების სცენარი დადგა.

„2009 წლის მაისში ე.წ. ამბოხის სცენარი დაიდგა მაშინდელი ხელისუფლების მიერ. იქ რეალურად იყო დაუმორჩილებლობა. ჯარში უბრძანეს, რომ აღლუმი ჩაეტარებინათ, როგორც ვიცი მაშინ დიდი აქციები იყო, ამ აქციების დარბევაც იყო ნაბრძანები, ამაზე ჯარი წინააღმდეგი წავიდა. დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს, ეს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ამბოხად წარმოაჩინა. გიას მოშორება უნდოდათ, რადგან მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯარშიც და საერთოდ, ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, ძალიან სწუხდა ქართველ ხალხზე“, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები