პანაცეა – საქართველოში პირველი სამედიცინო პროფესიული სასწავლებელი 140 წლისაა
საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობის 140 წლის იუბილე აღნიშნა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილი საზოგადოება ინტერესით გაეცნო კოლეჯის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს უძველესი პროფესიული სასწავლებლის მიერ განვლილი გზის ერთგვარი ანგარიშიც გამოდგა.
საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელსაც კოლეჯის სტუდენტებთან და მასწავლებლებთან ერთად საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროების, თბილისის მერიის, სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები და კოლეჯის ბიზნეს პარტნიორები უხვად ესწრებოდნენ, აღინიშნა, რომ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას მამოძრავებელი მოტივად კვლავაც რჩება – სწავლება მაღალი ხარისხით, რეალური დასაქმებისთვის. ეს კონკრეტულ საქმეში გამოისახება-კოლეჯის კურსდამთავრებულთა 85-90% დასაქმებულია საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.
პროფესიული სასწავლებლის ისტორია სათავეს მე-19 საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან იღებს, როცა მეფისნაცვლის მეუღლემ, ოლღა თეოდორეს ასულმა, თბილისში საბებიო სკოლა დააარსა. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამედიცინო პროფესიული კადრების მომზადების კერა. დღევანდელ „ჩაჩავას კლინიკის“ შენობაში გახსნილი სასწავლებელი მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში გადაკეთდა „თბილისის მეორე სამედიცინო სასწავლებლად“, ხოლო 2011 წელს უკვე საბოლოო სახე მიიღო და ეწოდა – საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა.
პანაცეას დირექტორის, ვასილ კიკნაძის თქმით, უკვე წლებია კოლეჯს აქვს სტაბილური, სანდო, კვალიფიციური პარტნიორის რეპუტაცია და სამართლიანად ითვლება ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთი ყველაზე ძველ და წარმატებულ კოლეჯად, რომელმაც ტრადიციის შენარჩუნებითა და მუდმივად განვითარებაზე ზრუნვით, შეძლო პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ავანგარდში დარჩენა. „კოლეჯი ამჟამად ახორციელებს 9 ავტორიზირებულ პროგრამას, რომელთა მიხედვითაც 500-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება პროფესიას. პანაცეას პარტნიორული ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს დარგის 30-ზე მეტ მსხვილ ბიზნეს კომპანიასთან და მათ სათანადოდ მომზადებულ პროფესიულ კადრებს სთავაზობს. ვართ ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო რესურსის – „საექთნო საქმე“, „მეან-ექთანი“, „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ და მასწავლებლის გზამკვლევი „პირველადი გადაუდებელი დახმარების“ ავტორი/თანაავტორი. ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა, რომ არა ის დიდი ისტორია, რაც კოლეჯს აქვს და ცხადია, ის თავდადება და თანმიმდევრულობა, რითიც კოლეჯის უკლებლივ ყველა თანამშრომელი განსაკუთრებით გამოირჩევა“,- აღნიშნა ვასილ კიკნაძემ.
პანაცეა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის (სკკა) დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. ის ასევე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კოლეჯებთან (ლატვია- (დაუგავპილის სამედიცინო კოლეჯი, ესტონეთი – ტალინის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯი). გერმანელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტს: გერმანული ენის შესწავლის ინტენსიური კურსი (გერმანული მხარის სრული დაფინანსებით). შესაბამისად, პანაცეას საექთნო განათლების სტუდენტებსა და დიპლომირებულ ექთნებს გერმანიის კლინიკებში შემდგომი ლეგალური დასაქმების დიდი შანსი აქვთ. კოლეჯი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაჯილდოვებულია 2018 წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტულით.
საიუბილეო ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ისტორიის ფლობასთან ერთად თანამედროვეობის იმ გამოწვევებთან გამკლავების წარმატებული პრაქტიკა, რასაც პანაცეას შემთხვევაში ვხვდებით. „ მაქვს განცდა, რომ როცა 140 წლის წინ მეფისნაცვლის მეუღლე საბებიო სასწავლებელს ქმნიდა, მას განსაკუთრებული სიყვარული ამოძრავებდა. სხვაგვარად ვერ შეიქმნებოდა ეს დიდი ისტორია, რომელიც დღესაც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს კოლეჯს. სიმბოლურია, რომ კოლეჯი ბებიობით, ანუ ახალმოვლენილ სიცოცხლეზე ზრუნვით დაიწყო. გილოცავთ, დიდ ისტორიასთან ერთად ხართ ყველა სიახლისთვის ფეხის ამწყობნი. გილოცავთ იუბილეს და ხანგრძლივ წარმატებულ მოღვაწეობას გისურვებ“,- აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის კახაბერ ერაძის თქმით, კოლეჯი „პანაცეა“ არ არის შენობა, ეს ადამიანების ერთობაა განვითარებისთვის, ინოვაციისთვის და სწორედ ეს ერთობაა მთავარი. ვამაყობთ იმით, რაც შექმნილია და ვიცით, რომ ახალი „პანაცეა“ ბევრი მიმართულებით კიდევ ბევრჯერ ასწევს თამასას, – აღნიშნა ერაძემ.
„140 წელიწადი დაიტია 20-წუთიანმა ფილმმა და მე გამეფიქრა – რამდენი განსაცდელი გადაიტანა ამ სასწავლებელმა, რამდენი სიკეთე გაავრცელეს ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა. რასაც ეს კოლეჯი აკეთებს, ეს უდიდესი საქმეა“. – ეს საქართველოს პარლამენტის წევრის, ექიმ ლადო კახაძის სიტყვებია.
პირველი პროფესიული კოლეჯის 140 წლის იუბილეზე კოლეჯის ღვაწლმოსილი მასწავლებლები და წარმატებული კურსდამთავრებულები სპეციალური სიგელებით საზეიმოდ დააჯილდოვეს. შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა ექთანთა, მასაჟისტთა და ფარმაცევტთა ასოციაციებთან.
საიუბილეო ღონისძიება შედგა კოლეჯის პარტნიორების: ევექსი ჰოსპიტლები, პეესპე ფარმა, საქართველოს კარიტასი, გეფა (ჯიპისი, ფარმადეპო) და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით.
R