ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ნერვიულობს ობიექტურად, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას

ოპოზიცია ნერვიულობს ობიექტურად, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, როდესაც გაიგებენ მისიის წარმომადგენლები დეტალებს, თუ როგორ იპარავდა უგულავა 48 მილიონს, ასეთ შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა დაიდება.

“ოპოზიცია ნერვიულობს და ნერვიულობს ობიექტურად, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას. ჩვენ ვხედავთ ოპერაციას რიგითი კორუმპირებულის გადასარჩენად და ამის შედეგი არის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა. საქმე ძალიან მარტივად არის, ევროპარლამენტარები იღებენ პირველად ინფორმაციას, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს შეეფარდა სისხლის სამართლის სანქცია, ბუნებრივია, ერთი შეხვედრით იწვევს გარკვეულ აღელვებას, თუმცა მთავარია დეტალები და როდესაც გაიგებენ მისიის წარმომადგენლები დეტალებს, თუ როგორ იპარავდა უგულავა 48 მილიონს, ასეთ შემთხვევაში დაიდება შესაბამისი დასკვნა და ზუსტად ეს ანერვიულებს როგორც სამადაშვილს ასევე ბაქრაძეს და სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეს მისია აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. მისივე თქმით, მისია იქნება მრავალპარტიული, მისიის ხელმძღვანელებიც არ იქნებიან ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ეს მისია დაადგენს ფაქტებს.

„საქმე არის ძალიან ნათელი, მთავარია ჩვენი ინიციატივა, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარებს ეძლევათ საშუალება ჩამოვიდნენ საქართველოში და შეისწავლონ ამ საკითხის დეტალები, როგორც არსებითი მხარე, ასევე პროცედურული მხარე. ბუნებრივია, ეს ყველაფერს მოჰფენს ნათელს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ძალიან განერვიულდნენ, როდესაც გაიგეს ამ ინიციატივის თაობაზე. ნახეთ, რომ გუშინ სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და სხვებმა გააკეთეს უარყოფითი კომენტარები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რატომ, ყველაფერი არის მარტივი, ერთი, რომ ეს მისია აუცილებლად დაადგენს იმას, რომ უგულავამ მოიპარა 48 მილიონი, გადასახადის გადამხდელების, თბილისი მოქალაქეების და საქართველოს მოსახლეობის ფული და მეორე, დადგინდება რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იყო სახეზე. გაირკვევა, რომ ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა. ყველაფერს მოეფინება ნათელი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მისია საქართველოში მიმდინარე თვის ან მაქსიმუმ მომავალი თვის განმავლობაში ჩამოვიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები