დავით ჩიხელიძე: მისასალმებელია ხელისუფლების პოზიცია, უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი კომისია შეიქმნას

“მისასალმებელია ხელისუფლების პოზიცია, უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი კომისია შეიქმნას”, – ამის შესახებ ა/ო „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” აღნიშნული ნაბიჯი ადასტურებს, რომ ის ერთგულია საკუთარი ღირებულებებისა და იმ დემოკრატიული გზის, რომლის გამოც მოსახლეობამ აირჩია.

„როგორც გუშინ დაანონსდა, მმართველმა გუნდმა, ევროპარლამენტარებს, გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნა შესთავაზა, რომელიც უგულავასთან დაკავშირებულ საქმეს ადგილზე შეისწავლის. მისასალმებელია ხელისუფლების პოზიცია და მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხზე შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი კომისია, რადგან მსგავსი კომისიის შექმნა საქმეს მეტ ლეგიტიმურობას შესძენს და ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გაცემს. რაც მთავარია, ევროპარლამენტარების მხრიდან აღარ მოვისმენთ ფაქტობრივი მტკიცებულებისგან განყენებულ და არასწორ განცხადებებს. „ქართული ოცნების” აღნიშნული ნაბიჯი ადასტურებს, რომ ის ერთგულია საკუთარი ღირებულებებისა და იმ დემოკრატიული გზის, რომლის გამოც მოსახლეობამ აირჩია, მსგავსი კომისიის შექმნის შეთავაზება სწორედ დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს!

ვიხსენებ წარსულს და არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, მსგავსი კომისიის შექმნის არცერთი ინიციატივა, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” იყო ქვეყნის სათავეში, დღეს საუბარი არის ადამიანის კანონიერ დაკავებაზე, ხოლო მათ დროს ადამიანების მკვლელობაზე იყო საუბარი, არც ევროპის აღშფოთება მახსოვს და არც მსგავსი კომისიის შექმნის ინიციატივა.

პ.ს. მერწმუნეთ რამდენიმე ათეული ლარის/ევროს გაფლანგვას, საკუთარ მაღალჩინოსანს (არც ყოფილს და არც მოქმედს) ევროპის არცერთი ქვეყანა არ აპატიებს”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები