რომან გოცირიძე ფაქტების შემსწავლელ მისიაზე: გაურკვეველია, რა ინსტიტუციური მანდატი და უფლებამოსილება ექნება

“ზოგადად, რაც მეტი საერთაშორისო ჩართულობა იქნება, უკეთესია, თუმცა ამ კომისიას რაც შეეხება, გაურკვეველია, რა ინსტიტუციური მანდატი და უფლებამოსილება ექნება და ეს ევროპარლამენტშიც არ იციან,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ გიგი უგულავას საქმის შემდგომი შესწავლის მიზნით ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელთაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით “კვირას” განუცხადა.

როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, ამ მისიას არამხოლოდ გიგი უგულავას საქმეზე, არამედ, ზოგადად, უნდა მიეცეს პოლიტიკურ-სამართლებრივი დევნის ფაქტების შესწავლის მანდატი.

“იყვნენ ჩამოსული ევროკავშირის წარმომადგენლებიც, თუმცა არცერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს, რაც სასამართლო სისტემის რეფორმასთან იყო დაკავშირებული. ამ ვითარებასთან დაკავშირებით შესასწავლი ფაქტობრივად არაფერია, რადგან ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რასაც აშშ-ში და ევროკავშირში ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები მოწმობს. ხელისუფლებამ ერთი მხარდამჭერიც ვერ იპოვა ერთი ბულგარელი კომუნისტი აკეთებს მხოლოდ განცხადებებს. ზოგადად, რაც მეტი საერთაშორისო ჩართულობა იქნება, უკეთესია, თუმცა ამ კომისიას რაც შეეხება, გაურკვეველია, რა ინსტიტუციური მანდატი და უფლებამოსილება ექნება და ეს ევროპარლამენტშიც არ იციან. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” – ჰყავდა ეუთო მოწვეული უკვე 2013 წელს სასამართლო პროცესებზე, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება თვალის ასახვევად. ასევე, ამ მისიას არამხოლოდ გიგი უგულავას საქმეზე, არამედ, ზოგადად, უნდა მიეცეს პოლიტიკურ-სამართლებრივი დევნის ფაქტების შესწავლის მანდატი,” – განუცხადა “კვირას” რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ აპირებს.

“არავითარი მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, შეხვედრები იყო მიმართული ამომრჩევლის მოსატყუებლად, წინასწარ აბსურდულ წინადადებას გვთავაზობდნენ. უაზროა მოლაპარაკება, როცა ხელისუფლებას წინასწარ აქვს დაგეგმილი, რომ არავითარ დათმობაზე არ წამოვიდეს. მოლაპარაკება იქნება მხოლოდ მაშინ, თუ საუბარი იქნება პროპორციულ სისტემაზე და 100/50-ის სამუდამოდ გაგრძელება რომ უნდათ და პროპორციულის გაუქმება 2024-ში, ეს ხომ არასერიოზულია,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები