ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს როგორც მთავარ პარტნიორს რეგიონში და პოზიტიურად ეხმიანება ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს

“შესაძლებლობა მექნება წარვდგე ევროპარლამენტარების წინაშე და მიმოვიხილო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები 2019 წელს; ასევე, ვისაუბრო 2020 წლის გეგმებზე. ვისაუბრებ ასევე უვიზო რეჟიმზე და ვიზა ლიბერალიზაციის კონტექსტში არსებულ გამოწვევებზე. ცალკე დღის წესრიგი აქვს დათმობილი რუსეთთან კონფლიქტს და ოკუპირებულ ტერიტორიებს, რაზეც ასევე დეტალური საუბარი შედგება,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოდის.

პირველი მოადგილის განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საპარლამენტო განზომილებას, რომელიც გააჩნია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. მახარობლიშვილის განმარტებით, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ინტენსიური თანამშრომლობა იყოს ორ პარლამენტს შორის, არამედ იმისთვისაც, რომ ეფექტური ზედამხედველობა გაუწიოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა 2019 წლის მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შეხვედრებზე და აღნიშნა ბათუმის კონფერენციის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მაღალი დონის სტუმარი ჩამოვიდა საქართველოში. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ 2020 წელიც, გასული წლის მსგავსად, დატვირთული იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიებებით.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასოცირების შეთანხმების 2019 წლის ანგარიშზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს როგორც მთავარ პარტნიორს რეგიონში და პოზიტიურად ეხმიანება გატარებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით.

„მინდა აუცილებლად აღვნიშნო, ის ფაქტი, რომ ერთი კვირის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ასოცირების შეთანხმების 2019 წლის ანგარიში. რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, გამომდინარე იქიდან, რომ საუბრობს ყველა სექტორზე, ყველა თავზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგშია. ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს როგორც მთავარ პარტნიორს რეგიონში და პოზიტიურად ეხმიანება გატარებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით. რა თქმა უნდა, დოკუმენტი ასევე მოიცავს სხვადასხვა რეკომენდაციებს. ასოცირების შეთანხმება არის მრავალწახნაგოვანი დოკუმენტი, შესაბამისად, ქართული მხარე აბსოლუტურად მოტივირებულია და მზად არის, რომ გაგრძელდეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია” – აღნიშნა მახარობლიშვილმა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი შედგება საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებისგან და ასოცირების ხელშეკრულების თანახმად ზედამხედველობს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და გამოყენებას, ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტებს შორის კავშირის განმტკიცებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები