ნათია თურნავამ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმა გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
როგორც “კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობაზე. ნათია თურნავამ სომეხ კოლეგას გააცნო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმა და სარგებელი, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე წარმოიქმნება მისი ლიბერალიზაციის შემდეგ. მხარეებმა განიხილეს ქვეყნების დამაკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის საკითხიც.
ასევე აღინიშნა, რომ სომხეთი ენერგომატარებლებს საქართველოს ტერიტორიის გავლით იღებს, ამდენად, ქვეყნის შეუფერხებელი ენერგომომარაგებაზე უდიდესი გავლენას ახდენს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ნათია თურნავამ სომეხ კოლეგას გააცნო ქვეყნის სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები, მათ შორის, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები რეგიონული სატრანზიტო დერეფნების ერთობლივი განვითარების კუთხით.