გიგი უგულავა: თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ წავიდე ციხეში უკვე მესამეჯერ
თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ წავიდე ციხეში უკვე მესამეჯერ, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მისთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნულს პოლიტიკურს უწოდებს.
“ეს ის შემთხვევაა, როცა კითხვები საერთოდ ზედმეტია. სამართლებრივად ეს ყველაფერი არის არაფერი. ეს არის უსამართლო, პოლიტიკური გადაწყევტილება, პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც იმ მოსამართლეებმა შეასრულეს, რომლებსაც სუფთა ფორმალურად, რომ ვთქვათ იმის დროც არ ჰქონდათ, რომ საქმეს გაცნობოდნენ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება და გაბინაშვილის, ამ უვიცი მოსამართლის და უდიპლომო თადუმაძის ხელით მომისაჯა ეს ბოდვა.
ყველა ჩემს ახლობელს მინდა ვუთხრა, მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე.
გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ ივანიშვილს აშინებს, ერთობა რომელიც აქ სუფევს გამარჯვების წინაპირობაა. ამ გზაზე იქნება დაჭერები და მიუხედავად, პოლიტიკური წნეხისა ქვეყნის შიგნით და გარეთ, ივანიშვილი ფაქტია, რომ გონდაკარგულია. არავითარი დაჭერა, გინდა პოლიტიკური ლიდერებისა თუ ნებისმიერი ჩვენგანისა, არ ვაპირებთ ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან, არ ვაპირებთ ვივაჭროთ ადამიანების ზურგსუკან. ივანიშვილი ასეთი ქმედებებით, მხოლოდ და მხოლოდ ძაბავს სიტუაციას, რაც მისთვის ცუდად დასრულდება.
თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მზად ვარ წავიდე ციხეში მესამეჯერ, თუ უფრო ზუსტები ვიქნებით”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უზენაესმა სასამართლომ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, თბილისის მერიამ დააფუძნა ააიპ თბილისის განვითარების ფონდი. თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.