გორის მერი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე ისაუბრა და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც, უმეტესად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, სამოქალაქო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტის ტენდერებს ეხებოდა.

ახალგაზრდებმა, ასევე, საკუთარ დასახლებებში არსებული პრობლემები წამოჭრეს და მათი მოგვარება მოითხოვეს.

“ახალგაზრდების განათლება, მათი ხელშეწყობა და წახალისება გორის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ჩვენთან არაერთი პროგრამა მუშაობს. მოხარული ვარ, რომ ჩართულები ხართ ამ პროგრამებში, გაინტერესებთ მუნიციპალიტეტის საქმიანობა და გსურთ, მეტი შეიტყოთ თქვენ გარშემო მიმდინარე პროცესებზე. მინდა გთხოვოთ, რომ იაქტიუროთ სოფლის კრებებსა და სხვა შეხვედრებზე, სადაც თქვენს თემში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა მიმდინარეობს, რათა თქვენი ხმა უფრო მძლავრად იყოს წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის საჭიროებების დაგეგმვისას“, – განუცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა ახალგაზრდებს.

სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მეორე წელია ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, რვა თვის განმავლობაში, ადამიანის უფლებების, ლიდერობის, საარჩევნო სისტემის და სხვა საკითხებზე ტრენინგებს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 -16 წლის ასაკის 80-მდე ახალგაზრდა ესწრება.

ახალგაზრდებისთვის აღნიშნული პროგრამის გარდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში კულტურის, განათლების, სპორტის ხელშეწყობის პროგრამები მუშაობს, რომელთა მიზანია ახალგაზრდების ინიციატივებისა და პროექტების დაფინანსება, ნიჭიერთა ხელშეწყობა და წარმატებულთა დაჯილდოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები