ვახტანგ მახარობლიშვილი: ასოცირების შესახებ ანგარიშში ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს იმ პროცესებსა და რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის, განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რეფორმებს ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს.
აღნიშნულით მან საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ 2019 წლის ანგარიში შეაფასა.
„ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს იმ პროცესებსა და რეფორმებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, როგორც საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით, ისე შესაბამის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ანგარიშში კარგად ჩანს ის ინტენსივობა და აქტიური დინამიკა, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე, რაც ასევე აისახება საგარეო პოლიტიკის პოზიციონირების თანხვედრის მიმართულებით,” – განაცხადა მახარობლიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს მიიჩნევს, როგორც მთავარ პარტნიორს რეგიონში და კიდევ ერთხელ მკაფიოდ საუბრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე და ხაზს უსვამს მის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
„დოკუმენტი ყოვლისმომცველია და ფაქტობრივად, საუბრობს ყველა იმ სექტორზე, რომელიც არსებობს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში და ამ კუთხით, ევროკავშირის შეფასებით, წარმატებით ხორციელდება რეფორმები, როგორც შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების კუთხით. პოზიტიურად არის შეფასებული განათლების რეფორმების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს გააჩნია. პოზიტიურად ფასდება ის ძალისხმევაც, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით,” – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ვახტანგ მახარობლიშვილის ამბობს, რომ მიმდინარე წლის დაგეგმარების პროცესში გათვალისწინებული იქნება ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები:.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2020 წელი ასევე გამორჩეული იქნება თავისი დინამიკით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით და იმ საბოლოო მიზნის მიღწევის პროცესში, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია“,-განმარტა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ევროკავშირმა დღეს, საქართველოს მიერ გასული, 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ეს უკვე რიგით მეოთხე ანგარიშია ასოცირების შეთანხმების 2016 წელს ძალაში შესვლის შემდეგ.
მოცემული ანგარიშის საფუძველზე მოხდება საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგის განახლება მომდევნო წლებისთვის.