ჩინეთში ექიმი გარდაიცვალა, რომელმაც პირველმა თქვა, რომ უხანში უცნობი კორონავირუსია გავრცელებული
ჩინეთში 34 წლის ექიმი, ლი ვენლიანი გარდაიცვალა, რომელმაც კორონავირუს 2019-nCov-ის გავრცელების შესახებ, პირველმა განაცხადა.
ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა.
კერძოდ, ჩინეთის ინგლისურენოვანმა გაზეთმა Global Times-მა დაწერა, რომ ექიმი გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით, მასალაში შესწორება შევიდა, რომ ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
აღნიშნული გაუგებრობის შემდეგ, BBC-ის საავადმყოფოში უთხრეს, რომ მას შემდეგ რაც ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა, ჩინოვნიკებმა ბრძანება გასცეს, რომ ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაეყვანათ, ფორმულირება „გარდაიცვალა“ კი, „კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებაზე“ შეესწორებინათ.
სწორედ ამის შემდეგ Global Time-მა დაწერა, რომ მედიკოსს გული გაუჩერდა, თუმცა ის აპარატზეა მიერთებული.
მას შემდეგ, რაც ექიმმა ლიმ, ვირუსის აფეთქებასა და საკუთარ დაავადებაზე დაიწყო საუბარი, ის სოციალურ ქსელში გახდა პოპულარული. ათასობით მომხმარებელი მას მხარდაჭერას უცხადებდა. ზოგიერთი კი, გმირი ლი უწოდებდა.
ლი ვენლიანი უხანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ოფთალმოლოგად მუშაობდა. ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში მან, მისთვის უცნობი დაავადების შემთხვევა გამოავლინა, რომლის გამომწვევი იყო კორონავირუს SARS-ის მსგავსი ვირუსი.
30 დეკემბერს მან, სოციალური ქსელის შიდა ჯგუფში, კოლეგები გააფრთხილა, ოთხ დღეში კი, ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოში დაიბარეს, სადაც აიძულეს ხელი მოეწერა აღიარებაზე, რომ თითქოსდა ის, ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
პოლიციაში მაშინ განაცხადეს, რომ ჭორების გავრცელების საქმეზე, რვა ადამიანია ეჭვმიტანილი.
უკვე იანვრის ბოლოს, ექიმმა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ასლი გაასაჯაროვა და თქვა, რომ თვითონაც არის დაინფიცირებული.
ხელისუფლებამ ექიმს ბოდიში მოუხადა, თუმცა ვირუსის დამარცხება ვერ მოხერხდა.