ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი – ვხედავთ ენთუზიაზმსა და მზაობას, რომ საქართველომ ღირსეულად ჩაატაროს ზამთრის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორის, პიტერ ბრულის თქმით, ხედავენ მზაობას, რომ საქართველომ ზამთრის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ღირსეულად ჩაატაროს. ამის შესახებ მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“სასიხარულო ის ფაქტი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტი მზადაა ითანამშრომლოს შეჯიბრის საუკეთესოდ გამართვისთვის და იმუშაოს როგორც ერთიანმა გუნდმა ოლიმპიური კომიტეტის, სხვადასხვა უწყებებისა და სამინისტროების თანამშრომლობით. ჩვენ ვხედავთ ენთუზიაზმსა და მზაობას, რომ გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა საქართველომ, როგორც პატარა ქვეყანამ, ღირსეულად ჩაატაროს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ზამთრის სპორტული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ათლეტი მიიღებს,” – განაცხადა პიტერ ბრულმა.

როგორც “კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შეფასების კომისიის წევრებს დღეს მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა.

“მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში 2025 წლის „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის” შეფასების კომისიის ფარგლებში, რომლის გამართვის სურვილი არსებობს ბორჯომსა და ბაკურიანში. ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილები ჩვენდამი გამოჩენილი სტუმართმოყვარეობის გამო, “- განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა.

საქართველოს მთავრობამ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით გადაწყვიტა, უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს” ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად, ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, დაარეგისტრირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები