„ამჟამად მივლინებული ვარ გერმანიაში საქართველოს საელჩოში, რომლის დამაარსებელთა რიცხვში კონსტანტინე გამსახურდიაც იყო“

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანად დაინიშნა. ამის შესახებ იგი თავად წერს ფეისბუქის საჯარო ჯგუფ „წიგნის ჭიებში“.
„საქართველოს საელჩო გერმანიაში, რომელშიც ამჟამად მივლინებული ვარ, როგორც საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, დაარსებულია 1918 წელს პირველი თაობის ქართველი დიპლომატების მიერ, კერძოდ საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის, მიხაკო წერეთლის, ზურაბ ავალიშვილის და პირველი ელჩის, ვლადიმერ ახმეტელაშვილის მიერ. დამაარსებელთა რიცხვში იყო კონსტანტინე გამსახურდიაც, იმჟამად კულტურული და სამხედრო ატაშე შეთავსებით, მოგვიანებით ქართული ლიტერატურის კლასიკოსი. იმავდროულად იგი კარგად იცნობდა გერმანიის სამხედრო-დიპლომატიურ წარმომადგენლებს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში, გენერალ კრეს ფონ კრესენშტაინს, შულენბურგს, ელჩ რაუშერს და კონსულ ო.გ. ფონ ვეზენდონკს. ეს უკანასკნელი თავის სამეცნიერო წიგნში ქართულ წარმართობაზე (1924) მადლობას უხდის „დოქტორ გამსახურდიას” ფასეული რჩევებისათვის.
1919 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ დაიქირავა შვედური სამხედრო გემი „ქრისტიან ნებე”, რომელსაც საქართველოში უნდა გადმოეყვანა ის ქართველი ტყვეები, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს ჩარჩენილები იყვნენ გერმანიაში. კონსტანტინე გამსახურდია ჩართული იყო გერმანიის გენერალურ შტაბთან მოლაპარაკებებში და წარმოადგენდა ამ მისიის ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს. 2000-მდე ყოფილი ტყვე როტერდამის პორტში შეაგროვეს და გემით ჩაიყვანეს ფოთში. მათი დიდი ნაწილი შემდგომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანდა.
ზათქითა და სროლით, თამაშითა და ბრძოლით მოვიკვლევდით გზას სამშობლოსკენო, იგონებდა მოგვიანებით მწერალი. მან ამ გემის სახელი უფრო ესთეტიზებულად და პოეტურად შეცვლილი სახით გადმოგვცა – „ქრისტიანია“. დიახ, დასავლური იმპულსი მას სწორედ ქრისტიანულად წარმოედგინა. გალაკტიონი ცნობილ ლექსში წერდა, გემით „დალანდით“ მოვდიოდი სამშობლოსაკენ და არ ვიცოდი, მქონდა იგი თუ მომაგონდაო. ეს მისი პოეტური წარმოსახვა იყო. კონსტანტინე გამსახურდიასთან კი კრეისერი „ქრისტიანია“ იყო მისი „გემი დალანდი“, ოღონდ რეალური.
კონსტანტინე ახსენებს ელჩს, სოციალ-დემოკრატ ვ. ახმეტელაშვილს და წერს, კარგი ვაჟკაცი იყო, ოღონდ პოლიტიკაში იმდენად ვერ ერკვეოდაო. არაერთხელ ვუთხარი, ნუ ვეკონტაქტებით მხოლოდ სოცდემოკრატებს, დავუკავშირდეთ გერმანიის მემარჯვენე-კონსერვატიულ ძალებსაცო, წინააღმდეგ შემთხვევაში გავაჩენთ ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს მსოფლიო რევოლუციის პლაცდარმის შექმნაზე ვმუშაობთო, თუმცა ეს რჩევა ნაკლებად გაითვალისწინეს და იქაურმა პრესამაც სწორედ ეს დაგვიწერაო.
გერმანიიდან ახლად დაბრუნებულ კონსტანტინე გამსახურდიას 20-აინი წლების ტფილისში სახალისო ფუნაგორია მიუძღვნა გრ. ცეცხლაძემ, რომელშიც ვკითხულობთ:

მე მოვიარე გერმანეთი ცეცხლებრ მქშინავი,
ფილოსოფიის დოქტორი ვარ, კათედრას ველი,
სვიმბოლიური გოეტე მწამს, სხივით მბრწყინავი
მაგრამ არ არის, ვიცი, მაინც ჩემი საშველი.

თუმცა ტფილისის ეს საინტერესო კულტურული ატმოსფერო გასაბჭოებიდან რამდენიმე წელიწადში ჩაცხრა. კონსტანტინეც, ჯერ მხოლოდ „დიონისოს“ ავტორი, მალე დააპატიმრეს და 3 წლით გაისტუმრეს თავიდან მოსკოვში, მერე სოლოვკის არქიპელაგზე, ჩრდილო-ყინულოვან ოკეანესთან“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები