გივი მიქანაძე ქუთაისში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის გახსნილ საზაფხულო სკოლას ეწვია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები 31 ივლისის ჩათვლით, საზაფხულო სკოლის პროექტში მონაწილეობენ.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულ პროექტში ჩართულია ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეწვია.
„მინისტრი საზაფხულო სკოლის მონაწილეებსა და მასწავლებლებს შეხვდა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურას გაეცნო.
ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა წარმოადგენს რესურს სკოლას, რომელიც სპეციალიზებულ მომსახურებას უწევს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებს.
სასწავლო წლის მანძილზე აკადემიური, ფუნქციური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგების განმტკიცების მიზნით, 2025 წლის 16 ივნისიდან, აღნიშნულ სკოლაში მიმდინარეობს ახალი პროექტი – საზაფხულო სკოლა, რომელიც დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით. მათ შორისაა:
• ქართული ხალხური ცეკვის საათი;
• გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო;
• ფილმის საათი;
• ფლორისტიკა -,,ყვავილების ენა”;
• ფსიქოლოგის საათი.
საზაფხულო სკოლაში ჩართულები არიან მომავალი პირველ კლასელებიც.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის განმავლობაში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს, დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, დამატებით მხარდაჭერას სთავაზობს, როგორც აკადემიური ასევე ყოველდღიური, ყოფითი უნარების განვითარების მიმართულებით. ის მოსწავლეები, რომელთა ბიოლოგიური ოჯახები არ ცხოვრობენ ქუთაისში, დამატებით უზრუნველყოფილნი არიან სრული სადღეღამისო მომსახურებით.
სკოლაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, სახელმწიფო ენასთან ერთად, ისწავლება ჟესტური ენა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი საკომუნიკაციო საშუალებაა სმენის არმქონე პირებისთვის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.