ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჩინეთის მიმართულებით უკვე აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას მოახდენს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩინეთიდან ევაკუაციის სურვილი საქართველოს 4-მა მოქალაქემ გამოთქვა და ისინი კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან.

„ინფორმაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ თურქეთის რესპუბლიკიდან, არის ის, რომ აფრინდა თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით. ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს თანხმობა ევაკუაციის შესახებ, გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და გაივლიან თურქეთის რესპუბლიკაში კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადებების კუთხით არის დადგენილი. თურქეთის რესპუბლიკა თავიანთ კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის პროტოკოლი. ამაში აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ქვეყანას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის.

ამ დროისთვის თანხმობა განაცხადა 4-მა მოქალაქემ, თუმცა დაგვიკავშირდა რამდენიმე ტურისტი, რომელიც ტურისტულად იმყოფებოდა იქ და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რომ ამ ტურისტების გადმოყვანაც მოხდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები