„მათი ჭკვიანი წარმომადგენლები ხვდებიან, რომ ეთნოსის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი საქართველოს გარეშე არ გადაწყდება“ – გია გვაზავა ბჟანიას განცხადებაზე
ეთნოსის ჭკვიანი წარმომადგენლები ხვდებიან, რომ ეთნოსის ყოფნა- არ ყოფნის საკითხი საქართველოს გარეშე არ გადაწყდება, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია გვაზავამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გია გვაზავამ აფხაზეთში განვითარებულ პროცესები შეაფასა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ბჟანიამ ქართულ მხარესთან დიალოგის საჭიროების შესახებ ისაუბრა.
„ძალიან საინტერესოა ბჟანიას განცხადება, რომელიც მიესალმა ურთიერთობას საქართველოსთან. როგორც იტყვიან გონიერი ადამიანი, პატრიოტი აფხაზი დღეს ასე უნდა ლაპარაკობდეს უკვე. ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკებით. ალბათ, შეიძლება დაიძრას მკვდარი წერტილიდან ურთიერთობები. ეთნოსის ჭკვიანი წარმომადგენლები ხვდებიან, რომ ეთნოსის ყოფნა- არ ყოფნის საკითხი საქართველოს გარეშე არ გადაწყდება, გამორიცხულია. აქსიომაა, რომ პატარა ეთოსები ერთად თუ არ იქნებიან, ვერ გადარჩებიან. ყველაფერი რაც მან ილაპააკა გონიერია და მისაღებია, გარდა იმისა, რასაც ფიქრობს, რომ ეს ორი დამოუკიდებელი სუბიექტია. მაგრამ როგორც იტყვიან, ჩავებათ ბრძოლაში და იქ ვნახოთ, რას შეძლებს ჩვენი დიპლომატია. უსამართლო მშვიდობა წაგებულ ომზე უარესია. ეს მდგომარეობა აქვს დღეს საქართველოს“, – განაცხადა გვაზავამ.
ასლან ბჟანიამ ინტერვიუ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მისცა.
„დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს.
ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში – თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა.
ამიტომ ვამბობ, – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა”- განაცხადა ბჟანიამ.
გია გვაზავამ აფხაზეთში შექმნილი ენერგოკრიზისის შესახებაც ისაუბრა.
„ქართული მხარის პოზიცია ყოველთვის ერთი და იგივე იყო. ეს არის გზავნილი, რომ იქ დარჩენილი ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ, იქ უფასოდ ვაძლევთ ელექტროენერგიას. რაც შეეხება იმას, რომ დღეს აფხაზეთში კრიზისია – ჰესის რემონტი უნდა დაიწყოს, ალბათ რაღაც შეფერხებებია. ვიცი,რ ომ ჩასულები არიან რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები. საქართველო უნდა აგრძელებდეს იგივე პოლიტიკას, უნდა აძლევდეს მათ ელექტროენერგიას და ამით კიდევ ერთხელ აჩვენებდეს, რომ ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან ჩვენი მოქლაქეები“- განაცხადა გვაზავამ.
ცნობისთვის, აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. ენერგეტიკული კრიზისის მიზეზი „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონეა, რომელიც დღეისთვის დაახლოებით 440 მეტრს შეადგენს (ზღვის დონიდან) და დღე-ღამეში ერთი მეტრით კლებულობს. 420-მეტრიან ნიშნულზე სადგური უნდა გაჩერდეს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ აფხაზეთის რეგიონი რთულ ვითარებაში არ დატოვოს და აფხაზი ძმები და დები ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩნენ.
„ენგურჰესის რესურსები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია, რომელიც ემსახურება სრულიად საქართველოს მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს. რასაკვირველია, თუ არ იქნება რესურსი, როგორც შარშან, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავტოვოთ ჩვენი აფხაზი ძმები და დები რთულ ვითარებაში. ამასთანავე, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რუსეთის კომპანიებთან თვითონ ისინიც აწარმოებენ გარკვეულ მოლაპარაკებებს “, – აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ახლო მომავალში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის რეაბილიტაცია იწყება და სამ წელიწადში, ორივე ელექტროსადგურის სიმძლავრეები თავის ისტორიულ დონეზე ავა.
როგორც თურნავა აცხადებს, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე აფხაზურ მხარესთან რაიმე კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა ქართული მხარის გადაწყვეტილებით აფხაზეთის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩება.
„ენგურჰესი ემსახურება სრულიად საქართველოს, ვგულისხმობთ რიგით მოსახლეობას, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, რომლებიც საკმაოდ რთულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენი ვალია, მათ დავეხმაროთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თამუნა შეყილაძე