ამბროლაურში პროექტის “რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ პრეზენტაცია გაიმართა
ამბროლაურში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტის „რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ წარადგინა.
პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მოქალაქეთა ინფორმირებულობა და თანამშრომლობის გაძლიერება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორს შორის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით.
შეხვედრას სახელმწიფო მხარის რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. ასევე, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერები,ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები,სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და მუნიციპალიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია “რაჭის განვითარების” ასოციაცია.
როგორც “რეგიონულ კვირასთან“ ნინო ხუხუა ამბობს, პროექტი 15 თვიანია და ამ ხნის განმავლობაში მუშაობა მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში წარიმართება.
“ჩვენ შევეცადეთ მოგვეცვა ყველა ის აქტორი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში, ჩვენი პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან, ვგეგმავთ, არაერთ საინტერესო აქტივობას, ჩატარდება ტურისტული ფორუმები, ოთხივე მუნიციპალიტეტზე ვიდეორგოლები გაკეთდება და ცენტრალური მედიასაშუალებებით მოხდება მათი წარდგენა, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტ აუდიტორიას გავაცნოთ მხარის ტურისტული პოტენციალი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვგეგმავთ მცირე-გრანტების დაფინანსებების გაცემას ადგილობრივ დონეზე და თითოეული გრანტის ღირებულება 7 000 ლარია”,- განაცხადა ხუხუამ.
სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ძალიან საინტერესო და იმედის მომცემი პროექტია, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს მხარის განვითარების პერსპექტივას.
“განსაკუთრებით საინტერესო და გასახარია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პროექტში განსაზღვრულია სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, მათი ბიუჯეტის ფორმირება-შედგენაში ჩართვა, გადამზადება სხვადასხვა სფეროებისა და დარგების მიმართულებით, ეს ყველაფერი ხელს შეგვიწყობს მხარის პოპულარიზაციაში. სამხარეო ადმინისტრაციამ და მუნიციპალიტეტის მერებმა ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და შედეგიანი ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ“, -განაცხადა მხარის რწმუნებულმა.