ცაგერში საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა – იპოვეს მესამე მამაკაცის ცხედარიც

0

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამივე მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მომხდარის შესახებ შეტყობინება 23 იანვარს შევიდა. ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომელშიც სამი მოქალაქე იმყოფებოდა, არხში ჩავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა.

ადგილზე სამაშველო ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მაშველებმა ერთი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პირველივე დღეს იპოვეს. მეორე დღეს კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქის პოვნა მოხერხდა. საძიებო სამუშაოები კი, საბოლოოდ დღეს დასრულდა, როცა მაშველებმა ავტომობილში მყოფ მესამე მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს.

წყალსაცავის მიმდებარედ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მაშველთა ჯგუფები მუშაობდნენ. თბილისიდან შემთხვევის ადგილზე განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი შესაბამისი სპეც- ტექნიკით გაემგზავრა. ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავთა ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს აწარმოებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

კომენტარები

კომენტარი