დავოსში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს
შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც ამჟამად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, 6 თვით ადრე, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემები Tages-Anzeiger და Tribune de Geneve ავრცელებენ.
გამოცემებს ადგილობრივ პოლიციაში დაუდასტურეს, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები გასული წლის აგვისტოში რუსეთის ორ მოქალაქეს ამოწმებდნენ. მათგან ერთი ამტკიცებდა, რომ სანტექნიკოსად მუშაობდა, თუმცა ორივე მათგანს რუსეთის დიპლომატიური პასპორტები აღმოაჩნდა.
ამას გარდა, პოლიციისთვის საეჭვო აღმოჩნდა ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეები შვეიცარიაში დარჩენას 2-3 კვირით გეგმავდნენ 8 – 28 აგვისტოს პერიოდში, რადგან ჩვეულებრივი მუშებისთვის ამ ხნის განმავლობაში ქვეყნაში დარჩენა ძვირი დაჯდებოდა.
ბერნში რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშემ, სტანისლავ სმირნოვმა, Tages-Anzeiger-ს განუცხადა, რომ დიპლომატიურ პასპორტებს არა მარტო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე გასცემენ.
ეჭვების მიუხედავად, შვეიცარიის პოლიციამ რუსეთის მოქალაქეები არ დააკავა, საქმის გამოძიება არც ბერნის ფედერალურ პროკურატურას დაუწყია.
2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, ფრანგულმა გამოცემამ Le Monde-მა დაწერა, რომ ალპებში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს(გრუ-ს) საიდუმლო „ბაზაა“ განთავსებული.