ევროკომისიამ ჩინური სავაჭრო პლატფორმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა იმ მოტივით, რომ პლატფორმა ყიდის ტოქსიკურ საბავშვო სათამაშოებსა და დამტენებს, რომლებსაც უსაფრთხოების ტესტირება გავლილი არ აქვს.
ამის შესახებ ევროპის აღმასრულებელი ორგანოს პრესსამსახურმა განაცხადა.
„ევროკომისიამ Temu-ს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. შერჩეული დამტენების ძალიან დიდმა ნაწილმა ვერ გაიარა ძირითადი უსაფრთხოების შემოწმება, ხოლო ბავშვთა სათამაშოების დიდმა პროცენტმა საშუალო და მაღალი რისკი წარმოშვა ქიმიური ნივთიერებების დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისია აცხადებს, რომ პლატფორმაზე გაყიდული სათამაშოები არა მხოლოდ შეიცავდა საშიშ ქიმიკატებს, არამედ ძალიან ბევრი მოსახსნელი, წვრილი ნაწილიც ჰქონდათ, რაც დახრჩობის საფრთხეს წარმოადგენდა.
ევროკომისიამ ბაზარს 28 აგვისტომდე მისცა ვადა დარღვევების გამოსწორების გეგმის წარსადგენად. ამის შემდეგ, ევროკომისია ჯარიმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ორი თვის განმავლობაში მიიღებს.
Temu შანხაიში დაფუძნებულმა PDD Holdings-მა 2022 წელს დააარსა. იგი თავდაპირველად აშშ-ში გამოჩნდა და ევროპის ბაზრებზე 2023 წლის გაზაფხულზე შევიდა. პლატფორმას ევროკავშირში ყოველთვიურად 90 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.