სოზარ სუბარი: ცინიზმის მწვერვალი იყო ის, რომ წინა ხელისუფლებამ C ჰეპატიტზე პატიმრების შემოწმება აკრძალა
ცინიზმის მწვერვალი იყო ის, რომ წინა ხელისუფლებამ C ჰეპატიტზე პატიმრების შემოწმება აკრძალა. პატიმარს რომ ზუსტად სცოდნოდა, რომ აქვს C ჰეპატიტი, ის ვერ წავიდოდა სტრასბურგში, იმიტომ, რომ ვერ ექნებოდა ამის საბუთი. ეს იყო აკრძალული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეიგონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგში ქართველი პატიმრის მიერ მოგებული საქმე არის „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიზმის კლასიკური გამოხატულება.
„პატიმარს რომ ზუსტად სცოდნოდა, რომ აქვს C ჰეპატიტი, ის ვერ წავიდოდა სტრასბურგში, იმიტომ, რომ ვერ ექნებოდა ამის საბუთი. ეს იყო აკრძალული. სტრასბურგში ქართველი პატიმრის მიერ მოგებული საქმე არის „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიზმის კლასიკური გამოხატულება. მათ დაავალეს სახელმწიფოს, რომ პატიმრისთვის გვემკურნალა, ხელისუფლებამ კი ის გაათავისუფლა და სტრასბურგის სასამართლოს მიწერა, რომ ასეთი პატიმარი არ არსებობს,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, გამოკვლევა ჩაუტარდა ყველა პატიმარს და შედეგი იყო თავზარდამცემი – 49,5%, ანუ ყოველი მეორე პატიმარი დაავადებული იყო. განსაკუთრებით მაღალი იყო ქალთა დაწესებულებაში, სადაც დაავადებულთა რაოდენობა 60%-მდე აღწევდა.
„2012 წელს სისტემა ჩავიბარეთ დანგრეული ინფრასტრუქტურით და 20 000-ზე მეტი პატიმრით, აბსოლუტური უმრავლესობა იყო ნაწამები, წამებისგან ფსიქიკური პრობლემებით, წამებისგან ისე იყვნენ დაზიანებულები, რომ მათი მართვა შეუძლებელი იყო და ამიტომ აძლევდნენ უზომო რაოდენობით დამამშვიდებელ წამლებს. ყოველ 10 000 პატიმარზე საშუალო სიკვდილიანობა იყო 65-70, მაშინ, როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებელი 30-ია. ჩვენ პირველივე წელს ეს მაჩვენებელი ჩამოვიყვანეთ 20-ზე. ყოველწლიურად იყო ტუბერკულოზის 2000-მდე ახალი შემთხვევა, რომელთაგან ძალიან ბევრი იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, რომელიც ხშირ შემთხვევაში განკურნებას არ ექვემდებარება. ევროპაში ქრონიკული ტუბერკულოზის გამავრცელებლები საქართველოსა და რუსეთის ციხეებიდან გამოსული ადამიანები იყვნენ. პირველივე წელს ეს მაჩვენებელი 2000-დან 60-მდე ჩამოვიდა. როცა ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ აქვს ტუბერკულოზი და მას სვამენ საკანში, სადაც 20 -30 პატიმარია, იქ მკურნალობა კი არა ლამის შეგნებულ გავრცელებაზე შეიძლება საუბარი. პატიმრების მუდმივი შიშის ქვეშ ყოლა, რომ ციხეში თუ მოხვდები, იქიდან ცოცხალი ვერ გამოხვალ ან ჯანმრთელი ვერ გამოხვალ, ეს იყო პოლიტიკის ნაწილი. საავადმყოფო, რომელიც ჩვენ გავხსენით, და მართლა უზარმაზარი ძალისხმევა ჩავდეთ, რომ წარმატებული ყოფილიყო, დღეს ერთი მეოთხედითაც არ არის დატვირთული, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ არის,“ – ამბობს სოზარ სუბარი.