საუკუნის ქალი შუახევიდან – აჭარის მთავრობამ ასიე მახარაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა
8 შვილი, 20 შვილიშვილი და 47 შვილთაშვილი- ეს შუახეველი ასიე მახარაძის შთამომავალია. მას 100 წელი შეუსრულდა. გარდა იმისა, რომ საუკუნის ქალი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების აღმზრდელობით პროცესში აქტიურად იყო ჩართული, იგი ხეობის ერთადერთი ბებიაქალიც გახლდათ. გამომდინარე იქიდან, რომ წლების წინ, მაღალმთიან აჭარაში სამედიცინო დაწესებულები თითქმის არ არსებობდა, სოფლებში მშობიარე ქალები ბავშვებს სახლში, ბებიაქალის დახმარებით აჩენდნენ. ამ სფეროში ერთ-ერთი გამოცდილი და საიმედო სწორედ ასიე იყო. მისი დახმარებით 600 ახალშობილი მოევლინა ხეობას, რომლებითაც ასიე ბებო დღემდე ამაყობს.
,,ადრე ქალები სახლში მშობიარობდნენ, ცუდი ზამთარი იყო, გზები არ იყო, შეუძლებელი ხდებოდა გადაადგილება, ყველგან მივდიოდი, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდებოდა, ზოგი სახლშიც მაკითხავდა და კონსულტაციებს გავცემდი. როგორც ახლაა მაღალმთიანში, სამედიცინო კუთხით ყურადღება, ისე არ იყო მაშინ. მეც დაფასებული ვიყავი, იმედი ჰქონდა ყველას ჩემი, რაც ძალიან მახარებდა. 600 ბავშვია ჩემს ხელში დაბადებული, სიხარულის მომნიჭებელი იყო, როგორც მშობლებისთვის და ახლობლებისთვის, ასევე ჩემთვისაც“,- გვიყვება ასიე მახარაძე.
100 წლის ასაკში თავს მხნედ რომ გრძნობს, შუახევის ჟანგბადით გაჯერებულ ჰაერს უმადლის, ასევე ჯანსაღ საკვებს, რომელიც მის ეზოში მოყვანილი ბოსტნეულით მზადდება. მედიკამენტებს დღესაც იშვიათად იღებს, ამბობს, რომ ადრე მხოლოდ ხალხური მეთოდებით სარგებლობდა. ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი ფორმულად კი, სხვისთვის ბედნიერების მინიჭებით მიღებული სიხარული მიაჩნია.
,,მიხაროდა სხვების კარგად ყოფნა, ყოველთვის ვცდილობდი სხვებს დავხმარებოდი, რამდენ ადამიანს უჭირდა, უსასყიდლოდ ფეხით გავივლიდი კილომეტრებს და შვილის გაჩენაში ვეხმარებოდი, მათი ბედნიერება მავსებდა და ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურებაა, მე რომ დღეს ფეხზე ვდგავარ“, -ამბობს ასიე მახარაძე.
ასიე ბებოს იუბილე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მიულოცეს. როგორც ყველა 100 წლის პირი, ასიეც საყოველთაო პროგრამის მოსარგებლეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კი 100 და 100 წელზე ზემოთ პირებს, ყოველწლიურად 1000 ლარს გადასცემს.