უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უწყებებმა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრის კონკრეტული გეგმები წარადგინეს
ადამიანის უფლებათა საბჭოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ პირველი რიგის ამოცანებზე მუშაობას განაგრძობს. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, უწყებებმა პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრის კონკრეტული გეგმები წარადგინეს.
პრიორიტეტებს შორის დასახელდა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა ხელშეწყობის გაძლიერება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კრიზისული სიტუაციების მართვის წესისა და შესაბამისი პროტოკოლების შემუშავება, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულ არასრულწლოვნთა დაცვის დამატებითი მექანიზმების დახვეწა და გამომძიებლის ქცევის სტანდარტის სახელმძღვანელოს შექმნა.
აღნიშნულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან ინტენსიური მუშაობა გრძელდება.