ბადრი ჯაფარიძე: როგორც პოლიტიკური პარტია, დავრეგისტრირდით 22 დეკემბერს, ამიტომაც ვთხოვეთ „ენდიაის“, არ ჩართულიყო “ლელო” კვლევაში
ჩვენ ვთხოვეთ, ამ გამოკვლევაში არ ყოფილიყო ჩართული „ლელო“. შემდგომ გამოკვლევაში „ლელო“ აუცილებლად იქნება ჩართული, -ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა.
„ოქტომბერში დაიგეგმა აღნიშნული კვლევა. ჩვენ ვთხოვეთ, ამ გამოკვლევაში არ ყოფილიყო ჩართული „ლელო“. შემდგომ გამოკვლევაში „ლელო“ აუცილებლად იქნება ჩართული, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, დავრეგისტრირდით 22 დეკემბერს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ „ენდიაის“, არ მომხდარიყო ჩვენი ჩართვა გამოკვლევებში. შემდგომ გამოკვლევებში, გაზაფხულზე აუცილებლად ვიქნებით ჩართულები“ ,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, მოსახლეობა ყველა ძირითადი მიმართულებით „ქართული იცნების“ საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
„ამ გამოკვლევაში დღევანდელი მმართველი ძალის მიმართ, მოსახლეობის მხრიდან სრული პროტესტია გამოკვეთილი. მხარდაჭერა 19 პროცენტის დონეზეა და ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს დღეს „ქართულ ოცნებას“. მოსახლეობა ყველა ძირითადი მიმართულებით უარყოფითად აფასებს „ქართული ოცნების“ საქმიანობას და მათ ლიდერებს. ეს ეხება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, სადაც არის დიდი გაუარესება შარშანდელთან შედარებით, ზოგადად სახელმწიფოს კურსს, სადაც დიდი გაუარესებაა შარშანდელთან შედარებით. ასევე, ყველა სამინისტროს, თუ მთავრობის შეფასება არის მკვეთრად გაუარესებული შარშანდელთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ეს არის მანდატი მოსახლეობის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დატოვოს მმართველი პოზიცია“ ,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში გამოკითხულთა 30 პროცენტი არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64 პროცენტი – უარყოფითად.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.