დავით სერგეენკო – მედიკამენტის მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით, არა თუ ერთი ფლაკონის, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო დაბალანსებული
დავით სერგეენკომ მედიასთან C ჰეპატიტის პროგრამაზე საუბრისას განმარტა, რომ მედიკამენტის მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით, არა თუ ერთი ფლაკონის, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო დაბალანსებული.
„გაჟღერდა ინფორმაცია, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისგან, რომ მოხდა ამ მედიკამენტების ფარული გადაყიდვა და ასე შემდეგ. 2018 წლის განმავლობაში, უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანომ ძალიან სკურპულოზურად შეამოწმა ეს ყველაფერი – მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით და არა თუ ერთი ფლაკონის, ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო ყველაფერი დაბალანსებული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პრემიერის მრჩეველმა მედიასთან C ჰეპატიტის პროექტის მართვის ნაწილზეც ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შესაძლებლობა და C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთონ.
„2018 წელს მოგეხსენებათ, პაციენტების მხრიდან მოთხოვნა უფრო დაბალი იყო, ვიდრე პროგრამის ჯერადობით გაზრდილი შესაძლებლობები. თუ 2015 წელს მხოლოდ 5 ცენტრი აკმაყოფილებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მაღალ ხარისხობრივ მოთხოვნას, 2018 წელს ასეთი ცენტრი უკვე 30-მდე იყო. შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლო ბევრად მეტი პაციენტის მიღება. 2018-ში იყო 23 ათასი ადამიანი, ვინც იცოდა, რომ მას ჰქონდა ეს დაავადება, თუმცა ამა თუ იმ მიზეზით არ ერთვებოდა მკურნალობაში. დღეის მდგომარეობით ასეთი არის 30 ათასი ადამიანი. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ დავიცვა ექიმის კოდექსი, რომლიდანაც ერთ-ერთი წესი ამბობს, რომ თუ ექიმმა რაღაც აუხსნა პაციენტს, მაგრამ მან მაინც არ გააკეთა, არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულო პაციენტი. ესე იგი შენ ვერ აუხსენი რაღაც. ამ შემთხვევაშიც ლოგიკა არის იგივე. მე ამ ადამიანებს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ვთხოვ კიდევ ერთხელ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკომ პროგრამის ფინანსურ ნაწილზე ისაუბრა.
“რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს – ყველა დამეთანხმება, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ერთგვარად ბრუტალურად ჟღერს და უამრავი კითხვა რჩება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“, ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა. 2018 წელს ეს მედიკამენტი უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისათვის – თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
თავის მხრივ, ცე ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტების ღირებულებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება- 560,645,083 ლარი – ასახულია სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
მათი თქმით, ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს ვალდებულება განახორციელოს სხვა უწყებაში აღრიცხული აქტივების გადაფასება.
უწყების ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული აქტივების სამართლიანი ღირებულებით წარდგენა უშუალოდ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს.