„20 წლის ვიყავი, ეს ლექსი რომ დავწერე, მალევე ამღერდა კიდეც“… – „ტატოს“ ავტორის საყვარელი ჰობი და გადარჩენილი ნავთსაყუდელი
ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა, წიგნზე იზრდებოდა მისი თაობა. ჩუმად ლექსებსაც წერდა…
ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი პირველი ლექსი კი რაიონულმა გაზეთმა გამოაქვეყნა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალგაზრდა მწერალთა წრე და საინტერესო შეხვედრები. გამორჩეული იყო გაზეთ „ნორჩი ლენინელში“ მუშაობის წლები, როდესაც გაზეთის მაშინდელმა რედაქტორმა ვანო ცერცვაძემ განყოფილების გამგედ მიიწვია. თითქმის მთელი საქართველო შემოიარა და უამრავი ადამიანი გაიცნო. მკითხველი მალე იხილავს წიგნად გამოცემულ მოგონებების კრებულს, რომელიც მწერლებს მიეძღვნება, და არა მარტო მათ…
ლექსების პირველი კრებული „მოლოდინი“ 1990 წელს დაბეჭდა. სიყვარული და მთელი სული ჩაქსოვა „მზითვის წიგნის“ შედგენა-გამოცემაში, რომელსაც ორი წლის განმავლობაში საჩუქრად გადასცემდა რადიო „ფორტუნის“ მონაწილე ახალდაქორწინებულებს.
ოთხი პოეტური კრებულის ავტორია. 2018 წელს გამოიცა პიესა თამარ მეფეზე – „გვირგვინს იქით საქართველოა“.
პრესტიჟული ჯილდოები მიიღო მწერლობასა და ჟურნალისტიკაში. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ნიკო ნიკოლაძის პრემიის მფლობელია. არის დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატი, რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრიზიორი… ხარაგაულის საპატიო მოქალაქე და „საამაყო დიდუბელია“… – პოეტისა და ჟურნალისტის, ლინა ბარათაშვილის პერსონა.
– ლამაზი ბავშვობა მქონდა. ტრადიციულად ქართულ ოჯახში გავიზარდე, რამაც ქართველობის და სამშობლოს სიყვარული მასწავლა.
ასე მგონია, ჩემი ბავშვობა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ბორჯომში დავიბადე, 7 წლამდე იქ ვიზრდებოდი, შემდეგ, მამის სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ჩვენი ოჯახი ხარაგაულში გადავიდა.
ბორჯომი ჩემი ბავშვობის სიყვარულია. დაუვიწყარია ჩემთვის მთვარიანი ღამეები, „გოგიას ციხე“, ჩვენს ქუჩას რომ გადმოჰყურებდა და ქუჩის ბოლოს მოდუდუნე მტკვარი. როცა ბორჯომში ვარ, ისევ ჩემს ბავშვობას დავეძებ.
ჩემი ადგილის დედა, უსაზღვრო სიყვარული მაინც ხარაგაულია. აქ გავატარე ჩემი ახალგაზრდობის წლები. ბედნიერი და უზრუნველი იყო ჩემი ბავშვობა. დედას და მამას შორის ჰარმონიული ურთიერთობა სუფევდა. მშობლების საზრუნავი მე და ჩემი და ვიყავით – ჩვენი ფიზიკური და სულიერი აღზრდა. ჩვენს ოჯახში მთავარი ღირებულებები იყო – მოყვასის სიყვარული, ტრადიციულობა, ზრდილობა, პატიოსნება, წიგნიერება. სტუმართმოყვარე, თბილი კერა გვქონდა. ბევრი ადამიანი გვსტუმრობდა, რაც ყოველთვის ზეიმი იყო ჩვენთვის. ამის მადლია, რომ ჩემთვის დღემდე სტუმარი კულტია.
– სკოლის პერიოდი…
– სიამოვნებით ვიგონებ სკოლის წლებს, პედაგოგებს, თანაკლასელებს. ჩემი თაობის ბავშვები ბევრს ვკითხულობდით, გვიყვარდა წიგნი. ოჯახის ბიბლიოთეკას არ ვჯერდებოდი, სკოლის, საბავშვო და რაიონულ ბიბლიოთეკებში ვიყავი გაერთიანებული.
გული მწყდება, რომ დღეს იგნორირებულია წიგნი. ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი. დღესაც სასოებით ვინახავ ნიშნების ფურცლებს და ქების სიგელებს, კლასიდან კლასში გადასვლისას რომ მაჯილდოებდნენ…
სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე, თუმცა ოქროს მედლის კანდიდატი ვიყავი. ბავშვობაში ლექსებსაც ვწერდი, თუმცა ჩემი დის გარდა არავის ვაკითხავდი.
– პირველი ნაწარმოებები…
– ჩემი პირველი სერიოზული ნაწარმოები იყო ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ლექსი, რომელიც პოეტის საუბილეო საღამოზე წავიკითხე, ლექსით დაინტერესდა რაიონული გაზეთის რედაქტორი ქეთევან სახვაძე და პირველ გვერდზე გამოაქვეყნა, რამაც დიდი სტიმული მომცა სამომავლოდ.
– სტუდენტობიდან რას გაიხსენებთ?
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი. ბევრი საპატივცემულო ლექტორი გვყავდა. გამოვყოფდი გრიგოლ კიკნაძეს, ღრმად ერუდირებულ მეცნიერს, მამობრივი მზრუნველობით რომ დაგვტრიალებდა სტუდენტებს. მის მიერ დაფუძნებული ვაჟა-ფშაველას კაბინეტი კვლევისა და პროფესიონალიზმის დამკვიდრების ერთგვარი ცენტრი გახდა. აქ დიდი მუშაობა მიმდინარეობდა ვაჟა-ფშაველას ლექსიკონზე. ბატონმა გრიგოლმა ჩვენ – სტუდენტებიც ჩაგვრთო ამ საპასუხისმგებლო საქმეში.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის საქმიანობაში მონაწილეობა.
წრეში დამწყები მწერლების შემოქმედება განიხილებოდა, ვაანალიზებდით, კრიტიკულ შენიშვნებს გამოვთქვამდით… ვმსჯლობდით, ვაყალიბებდით საკუთარ აზრებს…
ყოველივე ეს საუკეთესო სკოლა იყო შემდგომში შემოქმედებით ასპარეზზე გამოსასვლელად.
– პირველი კრებული…
– ლექსებს 20 წლის ასაკიდან ვაქვეყნებ, წიგნისთვის საჭირო ყველა ლექსი დაბეჭდილი იყო, გამომცემლობიდან დადებითი რეცენზიაც მქონდა, და მაინც ჩემი პოეტური კრებული გვიან – 1990 წელს გამოიცა. „მოლოდინი“ – ასე ერქვა კრებულს, რომლის წინასიტყვაობაც მზია ჩხეტიანს ეკუთვნის.
– როგორ იცვლებოდა სათქმელი კრებულიდან კრებულამდე?
– კრებულიდან კრებულამდე ავტორი შემოქმედებითად იზრდება. იცვლება მოვლენები, სიტუაცია, შესაბამისად – სათქმელიც. მაგრამ სათქმელი აუცილებლად უნდა იყოს ყოველთვის აქტუალური. არის შემთხვევა, როცა ზოგიერთ ლექსზე შემდეგ კრებულში უარს ამბობ…
– „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში მუშაობის პერიოდი… რა შეგძინათ იმ წლებმა?
– უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რაიონულ გაზეთში ვმუშაობდი. თან ვთანამშრომლობდი „ნორჩი ლენინელის“ რედაქციასთან. მაშინდელმა რედაქტორმა ვანო ცერცვაძემ რედაქციაში სამუშაოდ – განყოფილების გამგედ მიმიწვია.
ბედნიერი ვარ, რომ პროფესიონალი, საქმისადმი თავდადებული რედაქტორის გვერდით ვიმუშავე, ბევრი რამ ვისწვლე მისგან. „ნორჩი ლენინელის“ რედაქცია, შემდგომში „ნერგი“ ჩვენი დიდი ოჯახი იყო. ჩვენ – თანამშრომლები პრინციპით – „ერთი თხილის გულის ცხრა ძმამ ძმურად გაიყო“ ვცხოვრობდით. სახელწოდების მიუხედავად, გაზეთი ეროვნული სულით ცხოვრობდა. გაზეთში იყო „ჟამთაბერის დარბაზი“, რომლითაც საქართველოს ისტორიაზე ვესაუბრებოდით მკითხველს. თითქმის ყველა რაიონში, სოფელში გვქონდა ქართული ენის სიწმინდის საგუშაგოები… გვყავდა უამრავი ნორჩი კორესპონდენტი.
რედაქციას ვუმადლი, რომ მივლინებებით თითქმის მთელი საქართველო შემოვიარე, შემოსული ბარათების მიხედვით, საქმის კურსში ვიყავით, საქართველოს რომელ კუთხეში რა ხდებოდა. შევხვდი უამრავ ცნობილ ადამიანს, ყოველივე ამის შედეგად მზად მაქვს მოგონებების კრებული, რომელიც ეძღვნება ჩვენს მწერლებს და არა მხოლოდ მათ…
სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენს რედაქციაში დაფრთიანდნენ შემდეგში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები: ნიკა რაჭველი, ბაჩუკი ჩაბრაძე, დათო გურაშვილი, გიორგი მამაცაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ეკა ბაქრაძე…
– თქვენი ლექსი „ტატო“ სხვისი ავტორობით გავრცელდა. მოგვიყევით ამ ლექსის ისტორია…
– დაახლოებით 20 წლის ვიყავი, როცა ეს ლექსი დავწერე. რაიონის გაზეთში დაიბეჭდა 1968 წლის 5 სექტემბრის ნომერში. აქედან გავრცელდა, მალე ამღერდა კიდეც.
საკმაოდ მელოდიური სიმღერაა, მაგრამ დღემდე არ ვიცი, ვინაა სიმღერის ავტორი. ძალიან გვიან შევიტყვე, თურმე ლექსის ავტორობას ხან ვის მიაწერდნენ, ხან ვის. სოციალურ ქსელშიც დიდი კამათი და აზრის სხვაობა იყო ლექსის ავტორის ვინაობაზე. რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე, ფეისბუქზე დავდე გაზეთის ის ნომერი, სადაც გამოქვეყნდა ლექსი – „ტატოს“.
– მრავალი ჯილდოს მფლობელი ხართ, მათ შორის „საამაყო დიდუბელის“ ჯილდო გადმოგეცათ. მაინც რომელს გამოყოფდით?
– მართლაც, პრესტიჟული ჯილდოებით აღინიშნა ჩემი მოკრძალებული წვლილი მწერლობასა და ჟურნალისტიკაში.
ჟურნალისტიკაში უდიდესი ჯილდოს – ნიკო ნიკოლაძის პრემიის მფლობელი ვარ. ვარ საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. მივიღე დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია (წიგნისათვის „საქართველოში იბადებოდნენ“. ამავე წიგნს განათლების სამინისტროს მიერ მიენიჭა გრიფი, – „საშუალო სკოლებში დამხმარე სახელმძღვანელო“.
ბავშვთა საერთაშორისო პრემიით აღინიშნა ჩემი ლექსი „თამარ“.
ძალიან ამაყი ვარ, რომ რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრიზიორი ვარ. მიღებული მაქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირის მადლიერების სიგელი. ხარაგაულის საპატიო მოქალაქე ვარ.
„საამაყო დიდუბელი“… მადლობელი ვარ დიდუბისა და დიღმის მოსახლეობის. ეს ჯილდო მათი გამოკითხის შედეგად მომენიჭა. სამმა მივიღეთ ეს წოდება, როგორც შევიტყვე, ყველაზე მეტი ხმა მე მოვიპოვე. მთავარი ისაა, რომ ყველა ჩემი ჯილდო თავისით მოვიდა ჩემთან. რაც შეეხება ჯილდოს გამოყოფას, დედას ყველა შვილი თანაბრად უყვარსო. მეც ვერცერთს ვერ მივცემ უპირატესობას.
– ძველი თაობის ჟურნალისტს რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ დღევანდელ ჟურნალისტიკაში?
– პროფესიონალიზმი, წიგნიერება, აქტუალური თემატიკა, ჟურნალისტური ეთიკა, პასუხისმგებლობა, – აი, რითი გამოირჩევიან ჩემი თაობის ჟურნალისტები.
სამწუხაროა, რომ დღეს (გამონაკლისების გარდა) ასეთები აღარ არიან. დაიკარგა პროფესიონალიზმი. ჟურნალისტიკა რატომღაც ყველაზე იოლი სფერო ჰგონიათ. ვისაც ფული აქვს, გაზეთს ან ჟურნალს გამოსცემს…
– როგორ დაიბადა „მზითვის წიგნის“ დაწერის იდეა?
– მზითვის წიგნის იდეა მომცა ჩემმა ოჯახმა, ქვეყანამ… საერთოდ, ვთვლი, რომ ეს ღვთიური, ზეციური შთაგონება იყო.
როგორც უკვე აღვნიშნე, ტრადიციულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. იდეალური რძალ-დედამთილობა ჰქონდათ დედას და ბებიას. შემდეგში დედა საოცრად კარგი ბებია და სიდედრი იყო. ჩემმა სიძემ გურამ ლაბარტყავამ 70 წელი საზეიმოდ აღუნიშნა სიდედრს. მიკარნახა „მზითვის წიგნი“. წიგნის საფუძველი ჩვენი ფესვებია.
იმას, რასაც ვკარნახობ წიგნში ქართველ ასულებს: ამაღლებულ სიყვარულს, ქალურ სისპეტაკეს, კდემამოსილებას, ერთგულებას, კარგ მეუღლეობას, დედობას, თბილ ურთიერთობას დედამთილთან, მამამთილთან, ოჯახის სხვა წევრებთან, – ყოველივე ეს ჩვენს ჩვენს ოჯახებში, წინაპრებში იყო.
წიგნი 1997 წელს გამოვეცი ვილნიუსში ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის დახმარებით. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, შრომა იყო რთული, მაგრამ აღმაფრენის მომცემი.
ქუდბედიანი გამოდგა ჩემი წიგნი მკითხველმა გულთბილად მიიღო. უამრავი რეცენზია დაიწერა, დაინტერესდა რადიო-ტელევიზია. ორი წლის განმავლობაში წიგნს საჩუქრად გადავცემდი რადიო „ფორტუნის“ მონაწილეებს – ახალდაქორწინებულებს. „ფორტუნის“ დახმარებით წიგნი უცხოეთის ბევრ ქვეყანაში გაიგზავნა.
– გამოეცით პიესა თამარ მეფეზე – „გვირგვინს იქით საქართველოა“… თქვენი სათქმელი?
– სამწუხაროა, რომ სადღეისოდ ჩვენში მრავალი მარადიული ღირებულება გადაფასდა. განსაცდელის წინაშეა ჩვენი ისტორია, წარსული. შეურაცხყვეს თამარ მეფე, ქეთევან წამებული, ჩვენი კლასიკოსები. იმის მაგივრად, რომ ჩვენს ახალგაზრდებს იდეალებზე ვზრდიდეთ, პირიქით – ვუმსხვრევთ. ყოველივე ამის საპასუხოდ დაიწერა ჩემი პიესა. საერთოდ, თამარის თემას საპატიო ადგილი უკავია ჩემს შემოქმედებაში. მეფე ქალს მივუძღვენი ლექსი „თამარ“, რომელმაც პრემია დაიმსახურა.
ჩემს წიგნში „საქართველოში იბადებოდნენ“ ერთ-ერთი ქვეთავი თამარს ეძღვნება. მასვე მივუძღვენი პოემაც.
რაც შეეხება პიესას, დიდხანს ველოლიავე მეფე ქალის აჩრდილს და მკითხველს შევთავაზე ისეთი, როგორიც მე დავინახე – ძლევამოსილი მეფე, ქალი, დედა, პოეტი. ყოვლივე ეს სიყვარულით გავაკეთე.
– თქვენი ერთი ლექსი…
– „მე შენს ფუძეზე
შემოდგმული სიყვარულით
სავსე სურა ვარ,
და წვეთწვეთობით
გულზე გეღვრები“…
ასეთია ჩემი დამოკიდებულება საქართველოსადმი.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი, სიყვარული და ყველაფერია ხარაგაული, ჩემი ადგილის დედა. ზოგჯერ ისე მომენატრება ხოლმე, რომ თბილისში ვეღარ ვძლებ.
ახლა, როცა ჩემი მშობლები აღარ არიან, მათი სითბო, შვილებისადმი სიყვარული ჩემი სახლის კედლებმა შემოინახა. როცა იქა ვარ, მშობლების ნაკვალევზე დავაბიჯებ. თითქოს ისინიც გრძნობენ ჩემს იქ ყოფნას.
დღეს სახლი მარტოა, მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. ჩემი დისა და დისშვილების დახმარებით მე ეს შევძელი, გადავარჩინე მშობლიური ფუძე, ჩემი ნავთსაყუდელი…
– სამომავლო გეგმები…
– გამოსაცემად მზად მაქვს წიგნი, მოგონებები ქართველ მწერლებზე. წლების განმავლობაში ჩემი ჟურნალისტური ნაღვაწის თავმოყრას და გამოცემას ვაპირებ.
ვმუშაობ წიგნზე, რომელიც ასახავს ჩემს გარემოს, ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მნიშვნელოვან მოვლენებს. რამდენიმე ხნის შემდეგ წაიკითხავ და უკვე ისტორიაა. ჩვენ ხომ, ყველანი ისტორიის ნაწილი ვართ…
– დაბოლოს, თქვენი ნებართვით, მკითხველს ვთავაზობთ ლექსს „ტატოს“…
ტატოს
…………….
ობოლ სულის,
შენი სულის
სალოცავად
წინანდალი
აღმართულა
მარტო,
ბილიკი აქვს
ციცაბო და დამრეცი,
გვიანია,
ნუღა მიხვალ, ტატო!
ქორწილი აქვს
ჭავჭავაძეს
სასახლეში,
დედოფლის შუქს
ჭერზე ჭაღი
ნატრობს,
სიხარულის
მზე ანთია
სასახლეში,
შენს სანთელს კი
დადიანი
აქრობს.
ჰა, დაიძრა
მაშხალების
მაყრიონი,
შენ კი სევდამ
მოგაკითხა
მარტო,
სულის გვემას
ვაჟკაცურად
გაუძელი,
სხვით,
აბა, რით
განუგეშო,
ტატო.
ბედის სასწორს
თითქოს შენსკენ,
შენსკენ
ხრიდნენ,
ნუთუ ერთმა
გადაგძლია
მარტო,
სულში ზოდად
პოეზიის მადანი
გაქვს,
რას დაგჯაბნის,
დადიანი,
ტატო?!
ქორწილია
ჭავჭავაძის
სასახლეში,
ვინ დაგტოვა
შენ სევდასთან
მარტო?
გზა იწყება
უვალი და ძნელი,
ვაჟკაცურად
გადალახე,
ტატო…
ლინა ბარათაშვილი, 5 სექტემბერი, 1968 წელი.
თამარ შაიშმელაშვილი