თამარ იოსელიანმა თბილისის ქალაქისთავად დიმიტრი ყიფიანის არჩევისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ქართველი მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ქალაქისთავად არჩევის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის – „ტფილისის ქალაქისთავი – დიმიტრი ყიფიანი 150 წელი“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„საფოსტო მარკა, უშუალო დანიშნულების გარდა, რაც გულისხმობს საფოსტო გზავნილის გაგზავნის საფასურის გადახდის დადასტურებას და ფილატელიას, ქვეყნის სავიზიტო ბარათიცაა. მასზე დაიტანება ქვეყნის ისტორიის, კულტურის და სპორტის და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება საფოსტო მარკის შექმნისა და მიმოქცევაში გაშვების პროცესს,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრეზენტაცია გახსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ. ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე, თბილისის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები.

საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელმა გიორგი ერაძემ ერთი საიუბილეო მარკა დიმიტრი ყიფიანის მუზეუმს გადასცა.

საიუბილეო საფოსტო მარკა თბილისის საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებითა და საქართველოს ფოსტის მეშვეობით დამზადდა.

საფოსტო მარკა მიმოქცევაშია 2025 წლის 23 ოქტომბრიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები