ექიმი ინფექციონისტი: ეს წამლები ელოდებოდა შესაბამის პაციენტებს, რომლებიც არ მივიდნენ მკურნალობის დასაწყებად

„ეს წამლები ელოდებოდა შესაბამის პაციენტებს, რომლებიც არ მივიდნენ მკურნალობის დასაწყებად”, – ამის შესახებ ექიმი ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ხარვეზი ის იყო, რომ 2000 პაციენტის საჭირო მედიკამენტს ვადა გაუვიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს პროგრამის ჩავარდნას.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარალელურად 60 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული პროგრამაში და 98% განიკურნა. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ტერმინთან „პროგრამა ჩავარდა”. ეს არ არის პროგრამის ჩავარდნა. რა თქმა უნდა შეიძლებოდა ცოტა უკეთ დაგეგმვა, დასანანია რომ პრეპარატის გარკვეული ნაწილს ვადა გაუვიდა, თუმცა პროგრამა გრძელდება, ძალიან წარმატებული პროგრამაა, 10 ათასობით ადამიანი განიკურნა და ჩვეულებრივ არავითარი შეფერხებები არ არის”, – აცხადებს მაია ბუწაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროდ არის ინერტული პაციენტების ჯგუფი, 25 000 ადამიანამდეა ისეთი, ვინც თავისი დიაგნოზი იცის, მაგრამ ფეხს ითრევს მკურნალობაში ჩართვაზე.
„ამ პაციენტებისთვის ეს მედიკამენტი იდო მარაგის სახით. 2000 პაციენტის ვადაგასული წამალი ნიშნავს იმას რომ, სამწუხაროდ ეს წამლები ელოდებოდა შესაბამის პაციენტებს, რომლებიც არასდროს არ მივიდნენ მკურნალობის დასაწყებად”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
ცნობისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. აუდიტის დასკვნა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები