გიორგი ცუცქირიძე მშპ-ს ზრდაზე: ხაზარაძე ურცხვად ტყუის
ხაზარაძე გულთმისანი ხომ არ არის? 2019 წლის მშპ „საქსტატს“ ჯერ არ დაუთვლია და 2017 წელს როგორ შეადარა, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზრდება. ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა ხაზარაძეს მხოლოდ პოლიტიკური ოპონირების სურვილი ამოძრავებს, თეთრზე შავი თქვას და რეალური სურათი დაამახინჯოს.
სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის განცხადება, რომელიც მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა.
პასუხი ტყუილზე # 1 – როდესაც ხაზარაძე ურცხვად ტყუოდა, ეტყობა, „გამორჩა“, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები 2019 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 8.6 პროცენტით გაიზარდა, საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილება ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკურ წყაროებში ჯერ კიდევ არ არის ასახული მაშინ, როდესაც რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდოვამ, ბელორუსმა, უკრაინამ და სხვა, იგივე მეთოდოლოგიური ცვლილება საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე განახორციელა, რომლის შედეგადაც მათი მშპ-ის მოცულობა წინა მეთოდოლოგიით დათვლილთან შედარებით გაიზარდა – რაც უკვე ასახულია საერთაშორისო სტატისტიკურ მონაცემებში. შესაბამისად, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების შედარება მხოლოდ ამ წყაროებზე დაყრდნობით, სანამ არ მოხდება მეთოდოლოგიური ცვლილების მონაცემებში ასახვა – არ არის მიზანშეწონილი.
პასუხი ტყუილზე # 2 – ხაზარაძე თუ გულთმისანი არ არის, 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი „საქსტატს“ ჯერ არ დაუთვლია, ამდენად, 2019 წელს 2017 წელს ჩვენ ვერ შევადარებთ. მაგრამ ყველაზე კონსერვატიული დაშვებით, რომ მეოთხე კვარტალში მშპ-ს რეალური 5%-იანი ზრდა დაფიქსირდება (ოქტომბერში რეალური ზრდა 5.7%, ხოლო ნოემბერში 6.4% იყო) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 2019 წელს 4696.4 აშშ. დოლარი იქნება. ვიმეორებ, საუბარია ყველაზე კონსერვატიულ სცენარზე და ამის მიხედვითაც საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი იქნება 4696,4 აშშ დოლარი, რაც მეტია სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელზე – 4528 აშშ დოლარი, რომელიც შედარებადი არ არის მეთოდოლოგიური ცვლილების გამო.
პასუხი ტყუილზე # 3 – საქართველო ეკონომიკური ზრდის საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, რეგიონში და ევროპაში პირველ ადგილზეა – სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში, ევროპაში ყველაზე მეტად გაიზრდება, ხოლო ზრდის საშუალი მაჩვენებელი 4.9 პროცენტი იქნება, რაც აჭარბებს როგორც სომხეთის (4.6 პროცენტი), ასევე აზერბაიჯანის (2.2პროცენტი), უკრაინის (3.2 პროცენტი), თურქეთის (3.2 პროცენტი), რუსეთის (2.0 პროცენტი) და ბელარუსის (0.02 პროცენტი) ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს.
როგორც ჩანს, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში სასამართლო პროცესის გადამწყვეტ ფაზაში შესვლასთან ერთად, როდესაც პროკურატურა ფულის გათეთრების და ფინანსური თაღლითობის ბრალდებით ედავება არც მეტი და არც ნაკლები 17 მილიონის ტრანსაქციას! პროცესის წაგების შიშით ხაზარაძე მისთვის დამახასიათებელი, მორიგი ახლა უკვე სასამართლოს ეზოში დადგმული იაფფასიანი პერფომანსებით გადაფარვას ცდილობს და წარმატებით აგრძელებს ნაცმოძრაობის და მასთან აფილირებული ოპოფლანგის სიცრუეზე და დემაგოგიაზე აგებულ პოლიტიკას, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა. მაგრამ ესეც რომ მორიგი იაფფასიანი სპეკულაციაა, და საერთო არაფერი აქვს რეალობასთან მოყვანილი მაჩვენებლებითაც დასტურდება,” – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მშპ 250 დოლარით ჩამორჩება სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, როცა 2013 წელს ჩვენი ქვეყანა დაახლოებით 600 დოლარით წინ იყო სომხეთზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2013 წელთან შედარებით გაუარესებულია.