შოთა ოშხნელი: ევროპული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი და ამერიკული სამუშაო გამოცდილება იყო ყველაზე კარგი, რისი მიღების საშუალებაც ცენტრმა მომცა
შოთა ოშხნელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით საფრანგეთში მიიღო მაგისტრის ხარისხი, საზღვარგარეთ სწავლის შესახებ საკუთარ გამოცდილებას ის ინტერვიუს ფორმატში გვიზიარებს:
1.მოგვიყევით საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილების შესახებ (ცენტრის რომელი პროგრამის გამარჯვებული ხართ, რომელ ქვეყანასა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდით და რა პროფესიაზე)?
როდესაც ქვეყნის გარეთ სასწავლებლად პირველად წავედი, 17 წლის ვიყავი. გაცვლითი პროგრამა FLEX-ით სკოლა კალიფორნიაში დავამთავრე. სწორედ, მაშინ დავისახე მიზნად, უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიმეღო. გამოცდილება, რომელსაც სხვა ქვეყანაში სწავლის დროს იღებ, შეუფასებელია როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარებისთვის. ფრანგული ენისა და კულტურის მიმართ ინტერესის გამო, თავისუფალ უნივერსიტეტში პროფესიული საგნების გარდა, ფრანგული ენის შესწავლაც დავიწყე. ამ დროისთვის მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას საფრანგეთში ვგეგმავდი. შევარჩიე IÉSEG School of Management, რამდენიმე კრიტერიუმის გამო: სკოლა ფრანგული პრესტიჟული უნივერსიტეტების კლუბის (Grandes écoles) წევრია; აქვს სამმაგი აკრედიტაცია (AACSB, AMBA, EQUIS) და მდებარეობს პარიზში (La Défense), კულტურისა და ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ გლობალურ ჰაბში. ჩემ მიერ არჩეული პროგრამა – IESEG მენეჯმენტის სამაგისტრო ფაკულტეტი კი საინფორმაციო სისტემების მიმართულებით- Financial Times-ის რეიტინგებით მე-17 ადგილზეა მსოფლიოში. უნივერსიტეტის არჩევის პარალელურად ვეძებდი პროგრამებს დაფინანსების მისაღებად. საკუთარი სახსრებით სწავლის გაგრძელებას ევროპაში ვერ შევძლებდი, ამიტომ მჭირდებოდა სტუდენტებზე მორგებული, რეალისტური პროგრამა, რომელიც დამეხმარებოდა მიზნის მიღწევაში. განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის შემოთავაზება საუკეთესო აღმოჩნდა. საჭირო საბუთებისა და ცნობების შეგროვება არ გამიჭირდა , რადგან ინფორმაცია და ინსტრუქციები დეტალურად იყო ახსნილი პროგრამის ვებ-გვერდზე. ადეკვატურად იყო გაწერილი კონკურსის ვადებიც.
2. გაიხსენეთ ის ეტაპები, რომელიც სტიპენდიის მოპოვებამდე გაიარეთ. რამდენად რთული იყო ცენტრის კონკურსში გამარჯვება? რამდენად მარტივი და გამჭვირვალე იყო სასტიპენდიო კონკურსის ეტაპები?
განათლების საერთაშორისო ცენტში შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად გავიარე. გასაუბრებაზე ბევრ შეკითხვას გავეცი პასუხი, ვღელავდი, თუმცა მაქსიმალურად ვეცადე მესაუბრა ჩემს მიზნებსა და გეგმებზე-რას გავაკეთებდი სწავლის დასრულების შემდეგ. გასაუბრება წარმატებით გავიარე, მოვიპოვე სწავლის გადასახადის და ცხოვრების ხარჯების დაფინანსება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი სწორედ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამით დავიწყე.
3. რა იყო მთავარი სირთულე საზღვარგარეთ სწავლის პროცესში და რა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ?
სირთულე, რომელსაც საფრანგეთში ჩასვლის პირველივე დღეებიდან წავაწყდი, ფრანგული ბიუროკრატიაა. ამის შესახებ ვიცოდი და შეძლებისდაგვარად ვეცადე მოვმზადებული შევხვედროდი გაწელილ და გაჭიანურებულ პროცედურებს. მაგრამ, რაც დამხვდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საცხოვრებელი ადგილის მოძებნისა და ქირაობისას ბევრ სირთულეს წავაწყდი, კიდევ უფრო რთული იყო სტუდენტური სტატუსის მისაღებად საჭირო ეტაპების გავლა და საბუთის დროულად მიღება. თუმცა, იქ შეძენილი მეგობრები, მოგზაურობა, უნივერსიტეტის რიტმული ცხოვრება, ნაყოფიერი სასწავლო პროგრამა, უამრავი ღირსშესანიშნაობა და პარიზში გატარებული საღამოები ყველაზე სასიამოვნო მოგონებებად დამრჩება და რა თქმა უნდა, ბევრად აღემატება ყოველგვარ ბიუროკრატიულ სირთულეს.
4. სად მუშაობთ ამჟამად, როგორ გაგრძელდა თქვენი სამუშაო კარიერა სწავლის დასრულების შემდგომ?
მას შემდეგ, რაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტერნეტი გამოჩნდა, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დავინტერესდი., საფრანგეთშიც ამ მიმართულებით ვსწავლობდი.. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მალევე მივიღე შემოთავაზება საერთაშორისო, წამყვან ბლოკჩეინ კომპანიისგან და მუშაობა დავიწყე მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე. ვმუშაობ ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტისა და ხელოვნური ინტელექტის მომართულებით. კარგი შეგრძნებაა, თავს მომავალი ტექნოლოგიური რევოლუციის ნაწილად ვთვლი.
5. რა გავლენა იქონია განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატობამ თქვენს დასაქმებაზე?
ამ სტიპენდიის გარეშე ვერ შევძლებდი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას. შესაბამისად, ვერ მივიღებდი მაღალი დონის განათლებას იმ სფეროში, რომელიც მაინტერესებს. არც პროფესიული საკონტაქტო წრე მეყოლებოდა ფაქტრობრივად ევროპის ყველა ქვეყნიდან.. ბოლო სემესტრში სტაჟირება ამერიკაში გავიარე, 8 წლის შემდეგ დავბრუნდი და 6 თვე ვიმუშავე ფილადელფიის სტარტაპ აქსელერატორში. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი და ამერიკული სამუშაო გამოცდილება იყო ყველაზე კარგი, რისი მიღების საშუალებაც ცენტრმა მომცა და საბოლოოდ, სამუშაო ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანი გამხადა.
6. რა რჩევას მისცემდით განათლების საერთაშორისო ცენტრის ახლანდელ და მომავალ სტიპენდიატებს, მათ, ვინც საზღვარგარეთ ახლა დაიწყო სწავლა ან სამომავლოდ აპირებს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ?
მხოლოდ სურვილი არასოდეს არ არის საკმარისი. ვურჩევდი, რომ დაისახონ კონკრეტული მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერი გააკეთონ ამ მიზნის მიღწევისთვის. არ გაუშვან ხელიდან საინტერესო შესაძლებლობები და იმედგაცრუების შემთხვევაში, სცადონ სხვა გზები იქამდე, ვიდრე არ მიაღწევენ.
7. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
როგორც უკვე აღვნიშნე, მსიამოვნებს და მაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიური ტრენდებზე მუშაობა. ჩემი ამჟამინდელი სამსახური საუკეთესო ადგილია ამ მიმართულებით განვითარებისა და მეტი გამოცდილების მისაღებად, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ჩემს თავს აქ ვხედავ.