ანრი ოხანაშვილი: ბიბილოვის განცხადებაზე მოსახლეობის პროტესტი არის ბუნებრივი რეაქცია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნისა და მათი ინტერესების გამტარებლის მხრიდან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე ნებისმიერი განცხადება და ქმედება სირცხვილია.
ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მოთხოვნას გამოეხმაურა, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღების თაობაზე.
დეპუტატის თქმით, ძალიან დიდი სირცხვილია, როცა 21-ე საუკუნეში ადამიანებს ეუბნებიან, რომ შეიძლება თავისუფალი გადაადგილების უფლება შეეზღუდოთ და თავისუფლება აღუკვეთონ.
„ეს ცივილიზებული საზოგადოების მონაპოვარი და უმთავრესი რამეა, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს – მისი შეხედულებისამებრ გადაადგილდეს ნებისმიერ ტერიტორიაზე, მით უმეტეს, როცა საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიასა და იმაზე, რომ მათ აქვთ სურვილი გადაადგილდნენ საკუთარი ნათესავების მოსანახულებლად. მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილი პროტესტი არის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც ყველა იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს, რომელმაც იცის, თავისუფლება და ისიც, რას ნიშნავს, თავისუფალი გადაადგილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დე ფაქტო პრეზიდენტმა შესაბამისი განცხადება, დღეს, ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. მას ასევე თქვა, რომ „რესპუბლიკის ხელმძღვანელობა“ ე.წ.საზღვრის გადაკვეთას იქამდე არ გეგმავდა, სანამ „საქართველოს მთავრობამ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ წნელისთან პოსტი არ განათავსა“.