ლია გიგაური: სადღესასწაულო დღეების მიუხედავად ძალისხმევა არ გაჩერდება, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა ოკუპაციის რეალურ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს. მისივე თქმით, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად ძალისხმევა არ გაჩერდება, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს.
“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი გათავისუფლების ასეთი გაჭიანურება კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაგრძელოთ ძალისხმევა. სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ჩართული არიან შესაბამისი უწყებები, საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა. მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა ძალისხმევა არ გაჩერდება, რათა მაქსიმუმი გავაკეთოთ და გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დროულად დასრულდეს და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. ბერკეტები გახლავთ როგორც არაფორმალური გზებით ზემოქმედება, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზემოქმედება. ასევე იმ ორგანიზაციების მხრიდან მუდმივი და დაუღალავი მუშაობა, რომლებთანაც გვაქვს 24-საათიანი კავშირი და რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ და მიაღებინონ გადაწყვეტილება გაფრინდაშვილის ცალსახა, უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დე ფაქტო გადაწყვეტილებების მიუხედავად“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი თემაც გახდა. ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო სასამართლომ 20 დეკემბერს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა.