ცხინვალი: ვაჟა გაფრინდაშვილი კანონდამრღვევია, პროვოკატორი და არა გმირი

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებას პასუხობს.

ე.წ. სამინისტროში აღნიშნეს, რომ „ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, საზღვრის დამრღვევები დამსახურებულ სასჯელს იმსახურებენ, სამხრეთ ოსეთი გამონაკლისი არ არის“.

„რაც შეეხება გაფრინდაშვილს, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებია, რომლის გამოც აგებს ის პასუხს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოქმედების კანონმდებლობის შესაბამისად და მის პროფესიულ საქმიანობას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გაფრინდაშვილი ჩვეულებრივი კანონდამრღვევია, სხვადასხვა ძალების შიდაპოლიტიკური ბრძოლის მძევალი, ჩვეულებრივი პროვოკატორი და არა გმირია, როგორც მას სამშობლოშო დაჟინებით წარმოაჩენენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ „საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის საზღვრის გახშირებული დარღვევა, საქართველოს შიდაპოლიტიკურ არასტაბილურ ვითარებასთან კავშირზე მიუთითებს“.

„შეუძლებელია არ შეამჩნიო, რომ მსგავსი პროვოკაციები სხვადასხვა საარჩევნო კამპანიების წინ ხდება. გაფრინდაშვილის შემთხვევაში სხვა სახის პროვოკაციასთან გვაქვს საქმე. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ინფორმაცია აქვს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ეძებენ და ახალისებენ ე.წ. იდეურ მოხალისეებს მსგავსი დანაშაულებებისთვის სოლიდური თანხის სანაცვლოდ. სამწუხაროა, რომ ცნობილი ქართველი ექიმი, რომელსაც კარგად ჰქონდა გააზრებული მსგავსი პროექტის შედეგი, გაცნობიერებულად წავიდა პროვოკაციაზე გარკვეული პარტიის პოლიტიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომ მომხდარიყო შიდა ოპონენტებზე გავლენის მოხდენა. შედეგი ცნობილია – მხოლოდ ზარმაც ქართველ პოლიტიკოსებს თუ დაეზარათ არ ესარგებლათ ვითარებით, პოლიტიკური რეიტინგის ასამაღლებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცხინვალში ასევე ამბობენ, რომ „საქართველოს დასავლელი მეგობრები“ მკაცრი განცხადებების გაკეთებამდე, უმჯობესია, ჯერ საქართველოს შიდა ვითარებაში გაერკვნენ და მხოლოდ ამის მერე ისაუბრონ გაფრინდაშვილის უფლებების დაცვის საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები