ამერიკელი დიპლომატი: საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფოა

1 წელიწადზე ნაკლები დარჩა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე. ქართველი ხალხი, რომელიც დგას მუდმივი რუსული საფრთხის და აგრესიის წინაშე, დღითიდღე განამტკიცებს თავის დასავლურ ვექტორს, ახორციელებს ეკონომიკური ზრდისკენ მიმართულ სტრატეგიებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს,- ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი ადამ ერელი “ვაშინგტონ თაიმსთან“ საუბრობს.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს- დასავლური ინტერესებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეში არსებითი დასაყრდენის მხარდაჭერა დღესაც ურყევია.

“1 წელიწადზე ნაკლები დარჩა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე. ქართველი ხალხი, რომელიც მუდმივი რუსული საფრთხის და აგრესიის წინაშე დგას, დღითიდღე განამტკიცებს თავის დასავლურ ვექტორს, ახორციელებს ეკონომიკური ზრდისკენ მიმართულ სტრატეგიებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
აშშ-ის მხრიდან საქართველოს – დასავლური ინტერესებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეში არსებითი დასაყრდენის მხარდაჭერა დღესაც ურყევია. როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის კარიბჭე, საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას, რომელსაც ჩრდილოეთით რუსეთი, დასავლეთით შავი ზღვა და სამხრეთითა და აღმოსავლეთით თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრება, მნიშვნელოვან ტერიტორიებს ფლობს.

აკავშირებს რა ერთმანეთთან კასპიის, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს, საქართველოს რამდენიმე პორტი შავიზღვისპირეთში წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანსპორტო მაკავშირებელს ევრაზიასა და ატლანტიკურ ოკეანეს შორის. საქართველო მდებარეობს კასპიის ზღვის რეგიონიდან დასავლეთისკენ მიმავალი ენერგეტიკული ნაკადების შუაგულში. ახალი აბრეშუმის გზის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო დერეფნების ცენტრში მდებარეობის წყალობით, საქართველო სუპერსახელმწიფოების კონკურენციის ეპიცენტრად იქცა,”- ნათქვამია სტატიაში.

ადამ ერელის თქმით, 2012 წელს არჩევნების შედეგად, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა. მას შემდეგ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება.

“გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შედეგად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. მას შემდეგ საქართველოში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია პრაქტიკულად ყველა ინდექსში გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.
დაახლოებით 1 თვის წინ საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო საარჩევნო სისტემის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გულისხმობდა ამჟამინდელი შერეული საარჩევნო სისტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რასაც “ქართული ოცნების” მმართველი ზაფხულში დაჰპირდა ოპოზიციას.

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურმა კონფლიქტმა გამოიწვია დემონსტრაციები, ზოგჯერ ძალადობრივი, ქვეყნის დედაქალაქ თბილისში. ქართულმა ოცნებამ დადო 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა თუმცა იგი ასევე ითხოვს დიალოგს ოპოზიციასთან – და არა ძალადობას, რომელიც მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 90% ამერიკას მეგობრად მიიჩნევს, ხოლო 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ავღანეთში კოალიციის წევრთა შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი სწორედ საქართველომ გაიღო, და იგი დღესაც ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანია სამხედრო ძალების საერთო რაოდენობასთან შეფარდებით ავღანეთში მომსახურე მებრძოლების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

საქართველოს ლიდერები აგრძელებენ წინსვლას ამ პოზიტიურ გზაზე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის თანახმად, საქართველომ 1996 წელს 124-ე ადგილიდან 2018 წელს მე-16 ადგილზე გადაინაცვლა (საქართველოს ეკონომიკა 2015-2018 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა. 2019 წელს კი ვარაუდობენ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ინიცირებული ზრდაზე ორიენტირებულმა სტრატეგიებმა, მათ შორის კაპიტალური ბაზრის ფართომასშტაბიანმა რეფორმებმა და საგადასახადო შეღავათებმა, შედეგად მოიტანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა.

მიუხედავად ამისა, 2020 წლის საქართველოს ახალ მთავრობას მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევების ელის. მართალია, ქართველთა 80% მხარს უჭერს ევროკავშირში და 72% – ნატოში შესვლას, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან სრულფასოვანი ინტეგრაცია დღემდე მაცდურად მოუხელთებელია. მაგალითად, 2014 წელს ევროკავშირმა მხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსთან, რომელიც გულისხმობს უფრო მჭიდრო ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს

(https://eeas.europa.eu/delegations/georgia_en/9740/EU/Georgia%20Association%20Agreement), თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს ევროკავშირის მხრიდან ისეთი სახის გაფართოების სურვილის ნაკლებობას, რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირის ფარგლებში.

რუსეთის სამხედრო ძალები და მათი მარიონეტები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. რუსი ტურისტების წვლილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ფულადი გზავნილების თვალსაზრისით, რუსეთი საქართველოს მე-2 უმსხვილესი წყაროა. გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების დაბრკოლებას და ხელს უწყობენ არასტაბილურობას, აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებულმა ძალებმა ყური უგდონ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს და თავი შეიკავონ ძალადობრივი დემონსტრაციებისგან,”- ამბობს ადამ ერელი.

როგორც ამერიკელი დიპლომატი აღნიშნავს, საქართველომ სამომავლო კურსის დაგეგმვისას ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უნდა იქონიოს.

“სამომავლო კურსის დაგეგმვისას საქართველოს შეუძლია იქონიოს, სულ მცირე, 1 უცვლელი ფაქტორის იმედი – ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. 23 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელშიც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა, აღიარებულია ქვეყნის ურყევი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი და დაგმობილია რუსული აგრესია.

ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის და იმ დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტების გარდა, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელშიც აღიარებულია, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. კანონპროექტი ასევე კრძალავს ფინანსურ დახმარებას ყველა ქვეყნისთვის, რომელიც აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას.

მაშინ, როცა საქართველო ცდილობს გზის გაკვლევას ბევრი გამოწვევის მორევში, რომლებიც დაკავშირებულია მიზანმიმართულ რუსეთთან, გონებაგაფანტულ ევროპასა და მღელვარე გლობალურ ეკონომიკასთან, მოთხოვნა გაბედულ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და პოლიტიკურ გამჭრიახობაზე ძალიან გაიზრდება,”- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა ადამ ერელმა “ვაშინგტონ თაიმსთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები