მწერალთა სახლში ზეზვა მედულაშვილის „აღმოსავლური მზეჭრელის“ წარდგენა გაიმართა

გამოიცა გამოჩენილი მთარგმნელისა და აღმოსავლეთმცოდნის ზეზვა მედულაშვილის აღმოსავლური პოეზიის კრებული – „აღმოსავლური მზეჭრელი“, რომლის წარდგენაც მწერალთა სახლში გაიმართა.
როგორც „კვირას“ მწერალთა კავშირიდან აცნობეს, კრებული ეძღვნება ზეზვა მედულაშვილის 80 წლისთავს. წიგნში წარმოდგენილია ირანელი (რუდაქი, ომარ ჰაიამი, საადი, ჰაფეზი), თურქმენი (მახთუმყული), თურქი (საბჰათინ ალი), უზბეკი, ტაჯიკი, კავკასიელი სხვადასხვაენოვანი კლასიკოსი და თანამედროვე პოეტების შემოქმედება.
წიგნის რედაქტორია ანდრო ბუაჩიძე, კრებული დასტამბა „ტრიასმა“.
საღამო დეკანოზმა მამა ამირან ამირანაშვილმა დალოცა.
საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა აღნიშნა, რომ ეს კრებული ოჯახმა, ზეზვა მედულაშვილის მეუღლემ, კამილამ და მისმა შვილებმა გამოსცეს. მათ დიდი მადლობა ეკუთვნით, რადგან ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება მსგავსი სოლიდური ნაშრომის შექმნას.
მაყვალა გონაშვილმა ზეზვა მედულაშვილის პიროვნულ თვისებებზეც გაამახვილა ყურადღება, – რაც უფრო დიდი და ნიჭიერია ადამიანი და რაც უფრო მეტი მადლია მასში, ის უფრო უბრალო და გულგახსნილია. ერთი შეხედვით ვერც კი მიმხვდარიყავი, რომ შენ გვერდით იყო გენიოსი, 21-ე საუკუნის კლასიკოსი, საოცარი ადამიანი, რომელიც დღე და ღამე ამ საოცარ თარგმანებზე მუშაობდა.
„ჩვენ ვიყავით თურქმენეთში, სადაც მსოფლიოს ასი ქვეყნიდან ესწრებოდნენ მწერლები, ბატონი ზეზვა ერთადერთი კაცი იყო, რომელიც ყველას თავის ენაზე ესაუბრებოდა – თურქმენს თურქმენულად, სომეხს სომხურად, აზერბაიჯანელს – აზერბაიჯანულად, ის იყო ამ ფესტივალის ყველაზე პოპულარული ადამიანი… ბატონი ზეზვა პირველი აიყვანეს ოპერაში სცენაზე, როგორც ყველაზე რჩეული კაცი, ბატონმა ზეზვამ მოიხადა ქუდი, ერთ მიკროფონზე დაკიდა ქუდი, ხოლო მეორე მიკროფონში ბრძანა სიტყვა. მადლობა უფალს, ჩვენ განებივრებულები ვართ დიდი ადამიანების გვერდით ცხოვრებით და მათთან ჩვეულებრივი ურთიერთობით“… – დასძინა მაყვალა გონაშვილმა.

სიტყვით გამოდის ლევან ბრეგაძე

წიგნის რედაქტორმა, მწერალმა და კრიტიკოსმა  ანდრო ბუაჩიძე ხაზი გაუსვა ზეზვა მედულაშვილის არაჩვეულებრივ ნიჭიერებას, რომელმაც ბევრი ენა შეითვისა ბუნებრივად, მაგრამ არაჩვეულებრივად ფლობდა ქართულ ენას და იცოდა ქართული ლიტერატურა.
„ვეფხისტყაოსანი“ იცოდა, დავით გურამიშვილი არაჩვეულებრივად, ქართულ ენაში თევზივით დაცურავდა, ჩვეულებრივი სასაუბრო ენა მისთვის მოსაწყენი იყო, თუნდაც სამეცნიერო ენა, ამავდროულად, არტისტული ბუნებისა და სიტყვათქმნადობის კაცი იყო.
ქართულ ენასთან თავისუფალი დამოკიდებულება ჰქონდა. პლასტიური იყო მისთვის ქართული ენა, მეთუნეს ქოთანი რომ ამოჰყავს, ყურს ხან იქიდან გაუკეთებდა, ხან აქედან. ამის ნიჭი ჰქონდა.
ზეზვამ დაგვიტოვა ომარ ხაიამის გენიალური თარგმანები, რომელიც ამ წიგნში შევიდა. ხაიამი მანამდე ვახუშტიმ თარგმნა. ხაიამის ორი ვარიანტი, ორი ვერსია გვაქვს, ორივე გენიალურია, ერთმანეთზე უჯობესია.
კრებულს არაჩვეულებრივი სათაური „აღმოსავლური მზეჭრელი“  ჰქვია, რომელიც თვითონ ზეზვამ დაარქვა, ზეზვას სტილი სათაურშივე ჩანს, ეს მზეჭრელი მართლაც გენიალურია“, – აღნიშნა ანდრო ბუაჩიძემ.
ერეკლე საღლიანმა მადლობა გადაუხადა ოჯახს კრებულის გამოცემისთვის, რომ წიგნი კი არა, განძია. „დიდი მადლობა ოჯახს, მეუღლეს, მის მემკვიდრეებს, იმიტომ რომ რომ ზეზვა მედულაშვილი ამ ურთიერთობაში ცოცხლობს“.
ბაღათერ არაბულმა ზეზვა მედულაშვილს ჩვენი მწერლობის კოლორიტი უწოდა.
„გულდასაწყვეტია, რომ დღეს ის ჩვენთან აღარ არის, მაგრამ გადასახლდა ამ წიგნში, აქ არის მისი სული, მისი ფიქრი, წუხილი… მადლობა მეუღლეს და შვილებს, ეს წიგნი გამოსცეს და ამით უკვდავყვეს ჩვენი ზეზვას შემოქმედება“…
მზია ხეთაგურმა ზეზვა მედულაშვილის დაკრძალვის დღე გაიხსენა და მის ღვაწლსა და ადამიანობაზე გაამახვილა ყურადღება:
„საფლავდებოდა ზეზვას სხეული,  მაგრამ მე ვგრძნობდი და ვგრძნობ დღესაც, რომ არ იმარხებოდა და არც არასოდეს დაიმარხება სახელი და გვარი – ზეზვა მედულაშვილი, მისი ღვაწლი, ადამიანობა, მისი უბრალოება და სამაგალითო ცხოვრება. მან გვიჩვენა, თუ როგორ არ უნდა იყოს ადამიანი ამბიციური და აკეთოს თავისი საყვარელი საქმე, რათა ამ დღეს ჩვენ საკუთარ თავს ვცეთ პატივი, რომ ამისთანა ღირსეული კაცის გახსენება შეგვიძლია, გვაქვს ნიჭი და უნარი, შევაფასოთ მართლა ღვაწლმოსილი ხალხი  და არ ვაქოთ ადამიანები მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ თვითონ გვჭირდება რამე…ზეზვა სჭირდებოდა საქართველოს, სჭირდება და კვლავაც დასჭირდება“…
ზეზვა მედულაშვილი გაიხსენეს: გივი შაჰნაზარმა, ზაალ ბოტკოველმა,  ნომად ბართაიამ, ელგუჯა მარღიამ, ლევან ბრეგაძემ…
სიტყვით გამოვიდა, ასევე, საქართველოს მწერალთა კავშირის აზერბაიჯანული განყოფილების ხელმძღვანელი, პოეტი და მთარგმნელი ალახვერდ თაქლალი.
ბოლოს, ზეზვა მედულაშვილის მეუღლემ, ქალბატონმა  კამილა მედულაშვილმა აღნიშნა, რომ ამ წიგნში არის 11 სხვადასხვა ენიდან თარგმნილი პოეზია, შეტანილია ზეზვას ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც ეხება მხატვრული თარგმანის თეორიას…
მან წაიკითხა მისი ერთი ბრძნული გამონათქვამი:
„თუ თარგმანი მაღალმხატვრულია, ენა გამართული ქართულია, მხატვრულ სახეთა დედნისეული სისტემა ქართულად შესატყვისი დახვეწილი აკინძულობითაა გადმოცემული, მაშინ მკითხველი თარგმანს აღიქვამს, როგორც მშობლიური ენაზე დაწერილს, წყალივით სასიამოვნოდ მორაკრაკეს. იგი მხოლოდ ტკბება ნაწარმოებით, თუ დედანშიც ასეა, ბარაქალა, მთარგმნელო“.
ზეზვა პატარა ბავშვივით იყო და ძალიან უხაროდა დაბადების დღე, ამ დღეს მოიწვევდა ხოლმე მეგობრებს, იმ ხალხს, ვინც უყვარდა,  ლიტერატორებს, მწერლებს, პოეტებს, ვისთანაც მთელი თავისი ცხოვრება გაატარა. ამ დარბაზშიც არის ის ხალხი, ვისაც ზეზვა უყვარდა, ვისაც პოეზია უყვარს, ლიტერატურა უყვარს, დიდი მადლობა, რომ მობრძანდით დააფასეთ და ერთხელ კიდევ გავიხსენეთ“, – დაასრულა  მეუღლემ.
დაბოლოს, ამ რეპორტაჟს ანდრო ბუაჩიძის წინასიტყვაობიდან ამონარიდით დავასრულებ: „აღმოსავლური მზეჭრელი“ თითოეულმა კაცმა თვითონ უნდა წაიკითხოს და თვითონვე განსაჯოს მისი ავ-კარგი… ამ წიგნში თანამედროვე სხვადასხვაენოვანი პოეტების ლირიკა მხატვრულად შეიძლება ვერ უტოლდება კლასიკური პოეზიის ნიმუშებს, თუმცა მაინც მივუჩინეთ თავისი ადგილი, ჯერ იმიტომ, რომ მთარგმნელის მადლიანი ხელი ატყვია, მერე კი იმის გამო, რომ კავკასიის პოეტებთან უშუალო კეთილგანწყობილი და წრფელი ურთიერთობების დასტურია. ვფიქრობთ, სადღეისოდ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“.

ფოტო: ვეფხია სამსონიძე

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები