20 დეკემბერი რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა

20 დეკემბერს, რევაზ ინანიშვილი 93 წლის გახდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით მწერალი ბექა ქურხული სტატუსს ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„რეზო ინანიშვილი დღევანდელ საქართველოში თითქოს გაქრა, დაიკარგა.
ვის უნდა აბა ახლა უჯარმაში ბალახმოდებულ ეზოზე დარდი, გვალვაში წვიმის ლოდინი – „ნუ გეშინიათ, მთიანი ქვეყანაა ჩვენი ქვეყანა, კავკასიონი ისე არ გაცუდდება, ჩვენი სამყოფი ღრუბელი ვერ მოაგროვოს“ – მერე იმ წვიმით გამოწვეული აღფრთოვანება. ვიღას აინტერესებს იმ ატმებისა და გარგარის ბედი, სიცხისგან რომ ხმებიან, ვინღა დაწერს როგორ შემოუბარა მსხლებს, კეხურა ვაშლებს, კომშა ვაშლებს, თეფშა ვაშლებს და როგორ მოათქმევინა სული. აკი ახლა ვისაც არ ეზარება, ვისაც თავისი ქვეყნისა და სხვისი ქვეყნის ზეცა ვერ გაურჩევია, ყველა „გლობალურად აზროვნებს“ და ყველა „მსოფლიოს მოქალაქეობაზე“ დებს თავს. რაღა დროს შიო პაპას სახედრის ბაკუნი და ბიბოა. თითქმის აღარც ახსენებენ. ახსენებენ ყველას, რეზო ინანიშვილის გარდა. აბა, ბოლოს ვის გაახსენდა ან მისი დაბადების დღე, ან გარდაცვალება, ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა. ძალიან დიდი ხანია არც მისი სატელევიზიო ჩანაწერი უჩვენებიათ. ან რას აჩვენებენ ამ ჩვენს „პრადვინუტ“ ეპოქაში. ერთ გადაცემას, თუ არ ვცდები საახალწლოს, ასე იწყებს: „გამარჯობათ ბავშვებო, მე კახელი მწერალი ვაარო“.
რეზო ინანიშვილი კახელი და ძალიან დიდი მწერალია და თუ მის ხსენებაზე, ვინმეს პირველ რიგში ციყვები, მელაკუდები და ოფოფოები ახსენდება, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ საქართველოს ისტორიისა არ იყოს, ქართული მწერლობაც თავიდან არის წასაკითხი, გადასაფასებელი და შესაფასებელი.
რეზო ინანიშვილი შთამომავლობით ხაშმელი გლეხი გახლდათ. კახელი, პურისა და ღვინის მომყვანი მაგარი გლეხების შთამაომავალი (თამაზ ჭილაძე ლექციაზე ხშირად გვიმეორებდა, თუ არ ვცდები, მარსელ პრუსტის ნათქვამს: „თოთხმეტი თაობის ფრანგი გლეხების შთამომავალი ვარ და ახლა მითხარით უფრო დიდი და კეთილშობილი გენეალოგიაო“).
მის საოცარ მოთხრობას თუ ჩავხედავთ, უბრალო სათაურით – „ზოოპარკში“, სადაც ასევე უბრალო ამბავია აღწერილი, როგორ მიჰყავს პაპას ორი გემრიელი შვილიშვილი ზოოპარკში და მერე იქ როგორ დგანან კამეჩების ვოლიერთან, სადაც არავინ ჩერდება, იმიტომ რომ „კამეჩები იციან“. როგორ დგანან. დიდხანს, ძლიან დიდხანს დგანან და დაინახავდით, რომ „ეს იქნებოდა ტრაგიკულად განშორებულ და მერე კვლავ შეხვედრილ ოჯახის წევრთა ყველაზე დიდი სურათი ქვეყნიერებაზე“.
თუ ვინმეს სოფლისა რამე გაეგება, აუცილებლად ეცოდინება, რომ ეს არ არის წითელ-ყვითელი ფოთლების შრიალი და „თოვს, თოვს ხოშკაკლავს, პაპაჩვენი ღორს დაკლავს“. სოფელი გაცილებით ღრმა და საშიშია ვიდრე ქალაქი, იმიტომ რომ იქ ყველაფერი ხელისგულზე დევს და კიდევ იმიტომ, რომ იქ ნათესავები ცხოვრობენ, რომლებიც ძალიან გიყვარს, იმათაც უყვარხარ, მაგრამ მიჯნები სულ გასარკვევი და სადავო გაქვთ. მე ვიცი, როგორ შევიდა რეზო ინანიშვილი ხაშმში, თავის წლობით უნახავ მარანში, შეაჭრიალა მოქცეული კარი სიბნელეში და თქვა: – „შენ გენაცვალე, ჩემო მარანოო!“ სოფელი უბედური რამეა, ძალიან მაგარი უნდა იყო, შენს იქ ცხოვრებას ფასი რომ ჰქონდეს. და კიდევ უფრო მაგარი, რომ სოფელზე წერო.
მე სულ რამდენიმე ვიცი ასეთი: -ამერიკელი უილიამ ფოლკნერი, ვასილი შუკშინი, ძლიან ღრმა სომეხი გრანტ მათევოსიანი და ჩვენი ცხონებული, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მწერალი, კარგი წიგნებისა და რამდენიმე ნამდვილი შედევრის ავტორი – ნუგზარ შატაიძე. ისიც სულ თავის კასპს მისტიროდა. მიწამ მაგარი დაჭერა იცის და ძლიან დიდ თავდაჯერებულობასთან ერთად, როცა იცი, ვინ ხარ და სადაური: – საბურთალოელი, კასპელი, ხაშმელი, ხარფუხელი, საგარეჯოელი, ვერელი თუ მეიდნელი და არაფერში ეს „მსოფლიო მოქალაქეობა“ და გლობალური ბლეფი არ გჭირდება, ძალიან მაგარი ტკივილიც ახლავს, მაგარი დარდი მოაქვს, მით უმეტეს თუ ამ მიწას, ერთ ჭკუიდან გადასულ, გადაღლილ, ძველ და ამოწყვეტილ ქვეყანას – საქართველო ჰქვია!
ტკივილით არის დატენილი რეზო ინანიშვილის მოთხრობები: – „ანანურელი ულამაზოები“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „სადგური“, „ტყვეები“, „ყვავი“, „წყალობა“, „კალათები“, ტყვია“ აბა კიდევ გადახედეთ. მაგარი ქარი ქრის, სულ წამოწეული აქვს ცხონებულ რეზო ინანიშვილს პალტოს საყელო. ეს „ტყვია“ ისე მომწონდა ბიჭობაში, ქართულის რვეულზე და სკოლის „პაპკაზე“ მეწერა: – „ტყვია!“ სასწავლო ნაწილმა ნახა და დირექტორთან ჩამათრიეს, ეს რა არისო?! ვიდექი ჩუმად და ამაყად, ტყვედ ჩავარდნილი პარტიზანივით.
„წითელ ბაღში“, იგივე „ბლიადსკი პარკში“ და სკოლასთან, გასტრონომის უკან, ბირჟაზე, უფროს ძველბიჭებთან და სკოლის ავტორიტეტებთან ახლოს ყურყუტსა და „პტიჩკიანი“ „ვინსტონის“ წევას მიააწერეს ეს ამბავი და ერთი ალიაქოთ ატყდა. დიდი გამჭრიახობით მაშინ კი არა, ახლაც არ გამოვირჩევი, მაგრამ მივხვდი, რომ არ უნდა მეთქვა, საიდან გაჩნდა ეს საბედისწერო სიტყვა – „ტყვია!“ ჩემს „პაპკაზე“. იმიტომ კი არა, რომ ვერ გაიგებდნენ, ან რეზო ინანიშვილს რამეს დააკლებდნენ, ან რაღა უნდა დაეკლოთ?.. მაგაში არ იყო საქმე. უბრალოდ არა!.. და მორჩა!..
ტკივილი იგრძნობოდა რეზო ინანიშვილის ჩემთვის ყველაზე საყვარელ საბავშვო წიგნში – „შორი თეთრი მწვერვალი“. დახედავდი ყდას და ხედავდი, გრძნობდი იმ იდუმალ, შორ თეთრ მწვერვალს, მის ტკივილიან სითბოს. დაიკარგა ეს წიგნი. უფრო სწორად გაქრა. „ბიბო“, „ბახა და გოგია“, „ზამთარი“, „ჩიტების გამომზამთრებელი“, „უშიშარი ბიჭი იოსება“, „უკუღმა დაჭედილი“, ლომის გამომსარჩლებლის, ხევსური ბებერი მგლის, „უშიშ პაპას ამბავი“. დიდი მწერლები დიდი წინასწარმეტყველების უნარითაც არიან დაჯილდოებულნი – რეზო ინანიშვილი თავის ყველაზე თბილ და კეთილ მოთხრობებშიც კი გვეუბნებოდა და გვაფრთხილებდა, რომ ადვილი არ იქნებოდა, ადვილად არაფერი მოხდებოდა და აკი არც მოხდა.
ცალკე სათქმელია მისი მცირე პროზა, მინიატურები, რომლებიც არაფრით არ ჩამოუვარდება მის დიდ პროზას და მიზანში მორტყმის თვალსაზრისით კი იქნებ აჭარბებს კიდევაც: „თქვენ ლიტერატორი ხართ. თქვენი სარბიელი წიგნიდან წიგნამდე მანძილია. ის კი მწერალი იყო, ნამდვილი მწერალი, და როცა ყინულოვან წყალზე უნდა დაეწერა რამე, თვითონ მიდიოდა, თვითნ დგებოდა იმ ყინულოვან წყალში და თვითონ იჭრიდა ყინულზე ფეხებს!“
ეს ჩანაწერები იმ უშუალობით და გულწრფელობით არის დაწერილი, რომლის უფლებასაც მხოლოდ დიდი მწერლები აძლევენ საკუთარ თავს. დიდმა მწერალმა ყოველთვის იცის, რომ დიდი მწერალია. რა თქმა უნდა, რეზო ინანიშვილმა იცოდა, რომ დიდი მწერალი იყო, აქედან მოდიოდა მისი საოცარი შინაგანი გამბედაობა და თავმდაბლობაც. მიდიოდა თავისსავე გაკვალულ გზაზე და მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვან რამეებს ხედავდა. თუმცა გაბრაზებაც იცოდა: – „რევაზ ინანიშვილი… გვხიბლავს ის დიდი სითბო, ადამიანური სიკეთე, რა მწერალმა სტრიქონებს გააყოლა, მაგრამ ჩნდება ფიქრი, რომ მან თავის დიდ შესაძლებლობებს განგებ შეუკვეცა ფრთები – უარყო, როგორც წმინდა ეპიკური, ისე კონცეფციურო პროზა – უარყო გმირი დიდი ვნებების, წუხილის, ოცნების ხატი“…
ამის დამწერს წინ ედო „უფსკრული ქალაქში“. ეს პატარა მოთხრობაც უკონცეფციო ყოფილა მისთვის. ამისთვის უთუოდ უკონცეფიოა ტაკუბოკუს ლექსიც: – „აღმოსავლეთი ოკეანის პატარა კუნძულის ქვიშან ნაპირას თვალზე ცრემლშეუშრობელად ვთამაშობ პატარა კიბორჩხალათი“…
„როგორ არ შეგიპყრობს სევდა! როგორ არ უნდა მოჰკიდო ხელი ასე მეტყველთ და არ აჩვენო: ეს ხეა, ეს სახლი, ეს მესერი, ეს წყალი, ეს ბალახი!..“
წეღან ვთქვი დიდი მწერლები დიდი წინასწარმეტყველებიც არიან-მეთქი. ასევე იწინასწარმეტყველა დიდმა რეზო ინანიშვილმა თავისი უკანასკნელი საათები ამ ცოდვილ დედამიწაზე. ერთ-ერთ მინიატურაში ასეთ რამეს ბრძანებს: – „არ არსებობს უფრო საპატიო დაკრძალვა, ვიდრე ის, როგორც მოცარტსა და ფიროსმანს ერგოთ წილად. რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით მღვდელი რომ აგიგებს წესს და მიწას მიგაბარებენ!“ სწორედ ასე დაკრძალეს რეზო ინანიშვილი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ამ დროს კი რუსთაველზე რეზო ინანიშვილის მოთხრობებზე გაზრდილი ქართველები ერთმანეთს იარაღს უბათქუნებდნენ.
რეზო ინანიშვილი მეექვსე სართულზე ცხოვრობდა. მე მეოთხეზე. ყველაზე ცხადად ასე დამამახსოვრდა – ლიფტში შევხვდი, თავზე სწორედ იმ ჩიტის ბუდესავით ბერეტი ეხურა, ასკილის ყვავილის კრეფის დროს კვერცხები რომ გადაურჩინა. „როგორა ხარ კაცო, როგორ?“ – მომიკითხა. მე ზურგსუკან დავმალე „პაპკა“, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა „ტყვია“ და ძალიან მომინდა, რეზო ინანიშვილი ჩემი პაპა ყოფილიყო.
მაგრად ვეყვარებოდი. წამიყვანდა კვირაობით ზოოპარკში, ჩვენი დამწყვდეული კამეჩების სანახავად. ერთად ვიდარდებდით“.

„ლიბერალი“ 2012 წელი. შობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები