გიორგი ცუცქირიძე: “ნაცმოძრაობის” ფრთებქვეშ წამოჩიტული ახალგაზრდული მოძრაობები ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობენ
ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ფრთებქვეშ წამოჩიტული ახალგაზრდული მოძრაობები, რეალურად კი “ნეოკმარელები” 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტის და საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების პოლიტიზირებას ცდილობენ.
მისი თქმით, მათი დევიზია – მიზანი ამართლებს საშუალებას და ნაკლებად აინტერესებთ, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება და ზღვარგადასული აგრესია, მოზარდებში ზრდის დეპრესიას და უიმედობის განცდას ამძაფრებს.
“ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ხდება საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების პოლიტიზირება, მომხდარი ფაქტის გამო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” ფრთებქვეშ წამოჩიტული ახალგაზრდული მოძრაობები, რეალურად კი “ნეოკმარელები” ახორციელებენ, გარდაცვლილი მოზარდის მიერ სკოლის კედელზე დატოვებული წარწერის უტრირებით, “ნაცმოს” და მასთან აფილირებული პოლიტიკური სპექტრის მიერ მართული მედიასაშუალებებით. მათი დევიზია მიზანი ამართლებს საშუალებას და ნაკლებად აინტერესებთ, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება და ზღვარგადასული აგრესია, მოზარდებში ზრდის დეპრესიას და ამძაფრებს უიმედობის განცდას, რაც არასრულწლოვნებში მხოლოდ სუიციდის წახალისებას უწყობს ხელს.
მიმაჩნია, რომ ეს ტრაგედია მოითხოვს ძალიან ბევრი რამის გადაფასებას და პირველ რიგში ჩვენთან გაფეტიშებული ლიბერალიზმის ახლებულად გააზრებას. აქ ვგულისხმობ, როგორც სიტყვის თავისუფლების, ასევე ოჯახის ინსტიტუტის, ეკლესიის, საგანმანათლებლო და სამართლებრივი სისტემების როლს და მათ პასუხისმგებლობას, რაც დიდწილად სწორედ არასწორედ გაგებულმა და დეჰუმანიზმამდე დაყვანილმა ლიბერალიზმმა გამოიწვია.
როდესაც აღნიშნულ თემებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ნეოლიბერალურმა დოქტრინამ პოლიტიკაში და ეკონომიკაში, ასევე კულტუროლოგიურ ასპექტში, უზრუნველყო მრავალპარტიულობა და პოლიტიკური პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა საკანონმდებლო და კონსტიტუციურ დონეზე, თუმცა საბაზრო თავისუფლებამ და კონსუმერიზმის ფართო პროპაგანდამ, საბოლოო ჯამში შეიწირა ინდივიდიც, ოჯახიც და სულიერებაც და გასაკვირი არ არის, რომ ამ მატერიალისტურ სისტემაში ღმერთის როგორც რწმენის და სულიერების უმაღლესი სუბსტანციის ადგილი თითქმის აღარ დარჩა.
ამიტომაც ითვლება, რომ ამ დოქტრინამ თავისუფალი ბაზრისა და ლიბერალიზმის დროშით, „დახურა ვოლტერის, დიდროს და რუსოს დროიდან მომდინარე განმანათლებლობა“. საბაზრო თავისუფლება კი იქცა ახალი პოლიტიკის თავისებურ დიქტატად, კულტურული და ისტორიული კატეგორიების გადაფასებით და მიუღებლობით. მიიჩნევა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში საბაზრო თავისუფლების იდეად ჩაფიქრებული ნეო-ლიბერალიზმის მემარჯვენე დოქტრინა გადაიქცა რეპრესიულ სისტემად, რამაც წაშალა ზღვარი ეკონომიკასა და პოლიტიკას, ჰუმანიზმსა და ანტიჰუმანიზმს შორის. ნეო-ლიბერალიზმის, როგორც ბოლო ათწლეულებში წამყვანი იდეოლოგიური პლათფორმის კრიზისმა, განსაკუთრებით, 2008 წლის გლობალური კრიზისის წინა და შემდგომ პერიოდში იჩინა თავი, რასაც უკვე პოლიტიკურ დონეზე მოყვა ბრექსიტი ინგლისში და დონალდ ტრამპის მოსვლა ამერიკაში. დიდ ბრიტანეთში კონსერვატორი ჯონსონის ბოლო გამარჯვებაც ლიბერალებზე ამის დასტურია.
რაც ამერიკაში ხდება, ვგულისხმობ ნეოლიბერალების ღია გალაშქრებას ტრამპის წინაღმდეგ და დემოკრატების მცდელობა იმპიჩმენტზე, ამ გლობალური იდეოლოგიური დაპირისპირების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
დღეს საქართველოც ამ გლობალური დაპირისპირების ერთ -ერთი ეპიცენტრია. არ გვეგონოს, რომ ნაცმო და მის იდეურ პლათფორმაზე მყოფი ლიბერასტები, მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს აპროტესტებდეს. ეს არის ღია, დემოკრატიის ნიღბით შედარული რევანშის მცდელობა. ღია ტექსტით საუბარი ხელისუფლების შეცვლაზე ამ სტრატეგიის ნაწილია. ის პრობლემები კი რამაც დღეს იჩინა თავი, საზოგადოებრივი პოლარიზაციის, სოციალური სეგრეგაციის, მიგრაციის, თუ სიღარიბის სახით, ამ თავსმოხვეული ნეო ლიბერალიზმის შედეგია.
ეს ბრძოლაც ამერიკელი და ევროპელი ხალხების მსგავსად, ქართველი ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს!,”- წერს გიორგი ცუცქირიძე.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.