„კლასობანა“ – ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება

20 დეკემბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ჯგუფური გამოფენა „კლასობანა“ გაიხსნება. ექსპოზიციის ნახვას დამთვალიერებელი 2020-ის 8 იანვრამდე შეძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში სხვადასხვა თაობის 16 არტისტი მონაწილეობს.
• ქეთევან მაღალაშვილი – სოფო ჩხიკვაძე
• ნათელა იანქოშვილი – მაია ბარათაშვილი
• ლევან ცუცქირიძე – დავით მაჭავარიანი
• ალექსანდრე ბანძელაძე – ბესო უზნაძე
• კოკი მახარაძე – გიორგი ქოჩიაშვილი
• ოთარ ჩხარტიშვილი – თუთუ კილაძე
• ანა შალიკაშვილი – ანუკ ბელუგა
• ლევან ჭოღოშვილი – თამარ ნადირაძე.

კურატორი: კონსტანტინე ბოლქვაძე.
„კლასობანა“ აერთიანებს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციას და თანამედროვე არტისტების ნამუშევრებს. ამ ფორმით მუზეუმი აგრძელებს კონცეპტუალურ ხაზს – მისი კოლექცია ღიაა თანამედროვე ხელოვნებასთან დიალოგისთვის.
ამ ექსპოზიციით ხდება ქართული ხელოვნების ისტორიის ზოგადი სისტემატიზაცია. განსხვავებული ხედვები, პოლიტიკური გარემოებები, ღირებულებები და ცვლილებებისკენ სწრაფვა წარმოადგენს გამოფენის მთავარ იდეას. ფერების, სტილების, კონტრასტული ავტორების ექსპერიმენტული შერწყმით კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება ქართული ხელოვნების ხასიათი. განსხვავებული არტისტების ნამუშევრებს, როგორც ვიზუალურ დიალოგს, ერთმანეთთან აკავშირებს ფერის და ფორმის აღქმა, სახე-ხატები, ემოციური ტონალობა, ქვეტექსტები და არტისტული ტემპერამენტები. მოცემულ ათწლეულებში (1960-იანი წლებიდან დღევანდელობამდე) ფორმირებული არტისტები ერთიანი ღერძის ირგვლივ მოძრაობენ… გამოფენის საშუალებით დამთვალიერებელი აღმოჩნდება მრავალწახნაგოვან მოცემულობაში.
დრო და განვითარების ტემპი ახდენს, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი სტილების კლასიფიკაციას, იბადება „ქაოტური წესრიგი“, რაც ნიშანდობლივია პოლიტიკურად მერყევი ქვეყნისთვის.
თამაში „კლასობანა“ ეფუძნება ალაბათობისა თუ შემთხვევითობის პრინციპს, სადაც წინასწარ ვერ გათვლი სწორ სვლას. მოცემულ გამოფენაშიც კვლევისა და საკურატორო ხედვის სტრატეგია სუბიექტურია. ვიზუალური სტრუქტურა თამაშის მსგავსად წაგებისა და მოგების კატეგორიებში არსებობს.
ზოგადად, ქართული სახელოვნებო სივრცე ფრაგმენტულად ვითარდება – თანამედროვე ხელოვნება ნაკლებად რეფლექსირებს კულტურულ მემკვიდრეობაზე. სამუზეუმო კოლექციისა და საბჭოთა პერიოდის ხელოვნების თანამედროვე არტისტების ნამუშევრებთან ერთად გამოფენა ცალსახად მეტყველებს ექსპოზიციის ნოვატორულ მხარეზე. მსგავსი საკურატორო ხედვის გამოფენები სერიების ხასიათს მიიღებს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები