თბილისის საკრებულოსთან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა მივიდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
თბილისის საკრებულოსთან, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის განცხადებას აპროტესტებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა მივიდა. მათ გამოჩენას ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
“ქართული ოცნების” აქტივისტებმა საკრებულოსთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციიდან ამონარიდი მიიტანეს, სადაც წერია, რომ საქართველომ 2008 წლის ომის დროს არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
“ქართული ოცნების” აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ერეკლე კუხიანიძის საქციელის გაპროტესტება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, როდესაც მათ მსგავსი რამ აქვთ ჩადენილი არის ორმაგი სტანდარტი და შესაბამისად, მათ არ აქვთ მორალური უფლება, რომ მსგავსი ტიპის აქციები გამართონ საკრებულოსთან.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მოძრაობა “შეცვალე“ თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მანდატის დატოვების მოთხოვნით დღეს დილიდან აქციებს მართავენ. ისინი თბილისის საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.