მხატვარი არბატზე, რომელმაც კაზაკის პორტრეტს არ მიახატა მედალი – აფხაზეთში გამოჩენილი „გმირობისთვის“…  

„…ერთხელ ქართველ ბავშვებს სკოლებშიც კი ეძებდნენ, მაგრამ იმ სკოლის პედაგოგებმა, სადაც ჩემები სწავლობდნენ, ბავშვები არ გასცეს. როცა შეშინებული მივვარდი სკოლაში, დამრიგებელმა მითხრა, ჩვენ ჩვენს ბავშვებს არ ვყიდითო“!…

თითქმის ოცი წელია მოსკოვში, არბატზე მოღვაწეობს, ხატავს სხვადასხვა ეროვნების ადამიანების პორტრეტებს… მრავალი საინტერესო ამბის შემსწრეც ყოფილა, მრავალიც თავს გადახდენია…
დაუხატავს მრავალი ინგლისელი, ამერიკელი, ჩინელი, კორეელი, იაპონელი, თეთრკანიანიც და შავკანიანიც. ამბობს, რომ მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია, რაც ბედნიერებად მიაჩნია…
2009 წელს მოსკოვში მონაწილეობდა  ჯგუფურ გამოფენაში: „ყირიმი – ყარადაგი“, არის მოსკოვის საერთაშორისო მხატვართა ფონდის წევრი. 2018 წელს მონაწილეობდა ემიგრანტი მხატვრების გამოფენაში ბაზალეთზე, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრიც არის.
ამბობს, რომ ოცნებობს პერსონალური გამოფენის მოწყობაზე, მაგრამ წინასწარ არაფერს გეგმავს. – რუსეთში მოღვაწე მხატვრის, ია დიაკონიძის პერსონა.

– ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, მეორე კლასში ვიყავი, როცა მასწავლებელმა ზღაპრის ილუსტრირება დაგვავალა, ზღაპრის შერჩევა ჩვენ მოგვანდო.
მაშინ ძალიან მომწონდა „რწყილი და ჭიანჭველა“, სახლში წიგნი გვქონდა  დასურათებით, მეც ავიღე აკვარელის საღებავები, რომლითაც მამა მუდმივად გვამარაგებდა და სახატავ ალბომში გადავხატე ყველა  სიუჟეტი თავიდან ბოლომდე. თან ძალიან ვღელავდი, მასწავლებელს მოეწონება თუა არა-მეთქი. მეორე დღეს გადაათვალიერა ჩემი ნამუშევარი, ყველა ფურცელი, მერე გაკვირვებით შემომხედა და სამასწავლებლოში გაიქცა ყვირილით, ნახეთ, მეორეკლასელმა ბავშვმა რა და როგორ დამიხატაო, მაშინ მივხვდი, ეს საქმე სხვა ბავშვებზე უკეთესად გამომდიოდა.
განსაკუთრებით მიყვარდა სახეების, პორტრეტების ხატვა. ჩემი პირველი ავტოპორტრეტი მეექვსე კლასში დავხატე, ვიყურებოდი სარკეში და ისე ვადებდი აკვარელის საღებავებს ფურცელზე, ჩემდა გასაკვირად, ნახატი კარგი გამოვიდა, მგავდა.

ავტოპორტრეტი

– თავიდან ფინანსების სპეციალობაზე სწავლობდით, მერე დაგაინტერესათ ხატვამ. მოგვიყევით, ეს როგორ მოხდა?
– სკოლის დასრულების შემდეგ საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში ჩავაბარე, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე. პირველი გამოფენაც იქ მომიწყვეს პედაგოგებმა. შემდგომ სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში განვაგრძე ფინანსების განხრით, მაგრამ არ შემიწყვეტია ოცნება, შემესწავლა ხატვის საფუძვლები. ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, როდესაც პირველად მოვხვდი თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის სახელოსნოში და ვნახე, როგორ ამოიყვანა ოსტატმა უბრალო თიხის გუნდისგან ულამაზესი სურა, ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. იმჟამად გავთხოვდი და ჩემი მეუღლე, ალექსანდრე დარსაველიძე, კერამიკის ფაკულტეტზე სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მომეცა საშუალება, დავსწრებოდი ფერწერის გაკვეთილებს და სხვა სტუდენტებთან ერთად დამეხატა ნატურმორტები.
იმ წლებში, ოთხმოციანებში, კერამიკის ფაკულტეტზე ჩაბარება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ფერწერისაზე, ამიტომ კერამიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე იმ მიზნით, რომ მერე ფერწერის ფაკულტეტზე გადავსულიყავი, მაგრამ შემდგომ ქართულმა კერამიკამ ისე გამიტაცა და მომხიბლა, რომ აღარ შევიცვალე მიმართულება.
პრაქტიკა გავიარე რუსეთის ცნობილ კერამიკულ ქარხანა „გჟელში“ , მაშინ მივხვდი, რომ ქართული კერამიკა იმდენად ეროვნულია და შესისხლხორცებული ქართველი ერის კულტურასთან, ცნობიერებასთან და კიდევ იმდენი ნოვაციის საშუალებას იძლევა, რომ არ შეიძლება მისით მოხიბლული და აღფრთოვანებული არ იყო. ეს იქნება ფერთა წყობა, ფორმები თუ ის საკრალური ნიშან-ორნამენტები, რომლებიც მათშია ჩაქსოვილი.

„ტატოს სიზმარი“

– მოსკოვში, არბატზე, ხატავთ პორტრეტებს…
– საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩემი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში, თავდაპირველად მეუღლესთან ერთად წერეთლის სახელოსნოში ვმუშაობდი,  შემდგომ – მოსკოვის ცნობილ ქუჩაზე, არბატზე, დავიწყეთ პორტრეტების ხატვა.
ცოცხალ ნატურასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრისთვის, გამიღრმავდა ცოდნა, პორტრეტის შესრულების სისწრაფემ იმატა. ამდენად, როგორც პორტრეტისტი, გავიზარდე და დავიხვეწე.
– არბატზე მხატვართა რიცხვი ძალიან შეამცირეს, სასიხარულოა, რომ თქვენ ხელი არ შეგშლიათ…
– იმდროინდელი არბატი, 21-ე საუკუნის დასაწყისში,  ძალიან საინტერესო იყო. დახატვის მსურველნი ბევრნი იყვნენ, ჩვენთან, მხატვრებთან, რიგებიც კი დგებოდა, ყველას უნდოდა საკუთარი პორტრეტი  წაეღო სახლში.
ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან მხატვრების – როგორც პროფესიონალების, ისე, თვითნასწავლი შემოქმედების რაოდენობაც, ბევრი იყო.

„გოგონა ლურჯებში“

წლების მანძილზე იმატა ჩემი პროფესიონალიზმის დონემ, დაიხვეწა ტექნიკაც, მაგრამ შეკვეთების რაოდენობამ იკლო. არბატზე  მხატვართა რაოდენობაც შემცირდა. მუნიციპალიტეტს სურდა, ქუჩა მხატვრებისგან და მუსიკოსებისგან მთლიანად გაეთავისუფლებინა, რის გამოც მხოლოდ ოცდაათიოდე დატოვეს, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები. მათ სიაში  მეც ვერ მოვხვდებოდი, რომ არა რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრის, ვლადიმერ ვილიაცერის,  რეკომენდაცია.
ხშირად მიფიქრია, ვის სჭირდება, ეს ნაჩქარევად დახატული პორტრეტები, მაგრამ ერთხელ ინტერნეტში ახალგაზრდა გოგონა შემომეხმიანა, რომელმაც ბევრი მადლობა გადამიხადა დედამისის პორტრეტისთვის, დედა გარდაცვლოდა, მკითხა, როგორ შეენახა ნახატი ისე, რომ არ დაზიანებულიყო, ის ხომ მისთვის უძვირფასეს რელიკვიად ქცეულიყო. ასეთ წუთებში ვხვდები ხოლმე, რომ ჩემს შრომას ფასი აქვს, თუნდაც იმ ერთი ახალგაზრდა ქალისთვის. რუსეთში, ამ მხრივ, საქმე უკეთესადაა, უყვართ პორტრეტების შეკვეთა მშობლებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის, მასწავლებლებისთვის, ახლობელი ადამიანებისთვის, ეს ძვირფას საჩუქრად ითვლება, საქართველოში პორტრეტები ნაკლებად პოპულარულია, ხშირად მომისმენია, რად მინდა ჩემი პორტრეტი დავიკიდო სახლში, მკვდარი ხომ არ ვარო?! მე კი ვფიქრობ, რომ საინტერესოა სხვა ადამიანის თვალით აღქმული საკუთარი თავის დანახვა.
– ალბათ ძალიან საინტერესოა არბატზე  მომსვლელი ადამიანების სპექტრი… როცა  რუსეთში ცხოვრობ, უნებურად, გინდა თუ არა მაინც გეხება პოლიტიკა…
– ჩემი აზრით, ხელოვნება და პროფესიონალიზმი მაინც უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკა.
არბატზე ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდები, ხშირად დადიან ფოტოგრაფები, რომლებიც ჩვენს პროფესიულ საქმიანობას საინტერესოდ მიიჩნევენ და აფიქსირებენ მომენტებს. მხატვართა შორის გარკვეული კონკურენციაც არსებობს, რომ მიიზიდო კლიენტი, მრავალი ფაქტორია მნიშვნელოვანი – გარეგნობა, რეკლამა და რაც მთავარია, ღიმილი, რომელიც ბევრს იზიდავს და არა აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების ხარ და რა ეროვნებისაა ის ადამიანი, ვინც უნდა დახატო.

„ქალი თეთრებში“

ხვდები, რომ ხელოვნება ერთია, ის აერთიანებს ადამიანებს, რომელი ქვეყნის და რასის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს იგი. დამიხატავს ბევრი ინგლისელი, ამერიკელი, ჩინელი, კორეელი, იაპონელი, თეთრკანიანიც და შავკანიანიც, ასე რომ ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია, რაც ბედნიერებად მიმაჩნია.
საქართველოში იშვიათად ჩამოვდივარ, მაგრამ როცა აქ ვარ, მინდა, ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭული დავხატო.
– ხელოვანების დიდი ოჯახის წარმომადგენელი ხართ. როგორია ეს განცდა?
– ჩემი ძმა – მიხეილ დიაკონიძე, პროფესიონალი მხატვარია, და – მაია დიაკონიძე, თვითნასწავლი, დისშვილი – სოფიო ჭელიძე სამხატვრო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტია, თუმცა უკვე დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი ათონელზე ფერწერის განხრით, ვამაყობ იმით, რომ მხატვართა ოჯახიდან ვარ, ერთმანეთს ვავსებთ, ერთმანეთს ვეხმარებით, არაფერი სჯობს იმ განცდას, როცა ერთად ვართ და ნახატზე ვმუშაობთ, ყველა თავის აზრს გამოთქვამს, კონსესუსსაც ვაღწევთ ხოლმე, ზოგჯერ ფუნჯის ერთი მოსმაც კი მნიშვნელოვანია, რომ სურათი დასრულდეს.
ხშირად ვხატავ ჩემი ოჯახის წევრებს, რამდენიმე გამოფენაც მოვაწყვე მათთან ერთად 2014 და 2017 წლებში.
– გამოფენები…
– 2009 წელს  მოსკოვში მივიღე მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენაში: „ყირიმი – ყარადაგი“, ვარ მოსკოვის საერთაშორისო მხატვართა ფონდის წევრი. 2018 წელს მონაწილეობა მივიღე ემიგრანტი მხატვრების გამოფენაში ბაზალეთში, ვარ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრიც, მაგრამ იმის გამო, რომ ნამუშევრები მიმოფანტულია რამდენიმე ქვეყანაში, ასევე ოჯახური მდგომარეობაც (დროის უქონლობა) არ მიწყობს ხელს, რომ გამოფენებში ხშირად მივიღო მონაწილეობა.
ვოცნებობ პერსონალური გამოფენის მოწყობაზე, მაგრამ წინასწარ არაფერს ვგეგმავ, აღარ მისრულდება. უახლოეს მომავალში შეიძლება ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მოვაწყო გამოფენა.
– უამრავი საინტერესო ამბავი გადახდენიათ თავს…
– დიდი ხანია, რაც პორტრეტებზე ვმუშაობ, მაგრამ ერთი პორტრეტის  ამბავი განსაკუთრებით დამამახსოვრდა.

„კატა – სოლოლაკის მეფე“

ერთხელ ხანშიშესული მამაკაცი მოვიდა ჩემთან, მოიტანა ფოტო და მედალი, რომელიც პორტრეტზე მის მკერდზე უნდა მიმეხატა, დაიკვეხა, ეს მედალი აფხაზეთის ომში გამოჩენილი გმირობისთვის მივიღეო, საშინლად ავღელდი და ვკითხე, იქ რა გინდოდა-მეთქი, ცოტა შეცბა, შვილიშვილთან ერთად იყო, ეტყობა, მის წინაშე თავს იწონებდა,  რა ვქნა, კაზაკი კაცი ვარ, ბავშვობიდან მხოლოდ ბრძოლას და თავების მოჭრას მასწავლიდნენო… გაბრაზებულმა ვუთხარი, ფოტოდან პორტრეტს დავხატავ, მაგრამ მედალს არ მივახატავ-მეთქი, ხმა აღარ ამოუღია, წავიდა, შეკვეთა დატოვა.
რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ნახატის წასაღებად, მისი უწინდელი ამპარტავნობა სადღაც გამქრალიყო, დაპატარავებული და მობერებული მეჩვენა, პორტრეტს დაკვირვებით შეხედა, მერე თვალცრემლიანმა მკითხა, სადაური ხარო, არაფერი ვუპასუხე, მიხვდა, მასთან საუბარი არ მსურდა, ნახატი დაახვია, თავი ჩაღუნა და გამეცალა, მიდიოდა მხრებჩამოშვებული, თან მიჰქონდა ჩემი და ალბათ, თავისი სევდაც. რატომღაც სიბრალული ვიგრძენი მის მიმართ, იცოდა კი მაშინ, რას სჩადიოდა?!
– ოჯახი…

„მინდვრის ყვავილები“

– დიდი ხანია რუსეთში ვცხოვრობთ, ორი ვაჟი მყავს – გიორგი და სანდრო. ძალიან უყვართ საქართველო, ამაყობენ, რომ ქართველები არიან, ქართველი მეგობრები ჰყავთ, იქ მრავალი პრობლემის წინაშე იდგა და დგას ჩვენი ოჯახი, იყო წლები, როცა ქართველებს განსაკუთრებით არ სწყალობდნენ, მაგრამ უკან დაბრუნების საშუალებაც არ გვქონდა.
ერთხელ ქართველ ბავშვებს სკოლებშიც კი ეძებდნენ, მაგრამ იმ სკოლის პედაგოგებმა, სადაც ჩემები სწავლობდნენ, ბავშვები არ გასცეს, როცა შეშინებული მივვარდი სკოლაში, დამრიგებელმა მითხრა, ჩვენ ჩვენს ბავშვებს არ ვყიდითო!
ასე გადარჩნენ მაშინ ჩემი შვილები, ასე რომ რუსეთშიც არიან კარგი ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან და ვუყვარვათ.
ჩემი ვაჟი – გიორგი მშობლების კვალს გაჰყვა, კარგად ხატავს, იმედი მაქვს, კარგი მხატვარი დადგება და თბილისშიც მოაწყობს თავისი ნამუშევრების გამოფენას, სანდრო ფიზიკა-მათემატიკოსია, დაამთავრა ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი. სამშობლო ენატრებოდათ, მაგრამ დიდხანს ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას. წელს იყვნენ და ამით ძალიან ბედნიერები არიან.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი მოგზაურობაა, ხშირადაც მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება, თვეების მანძილზე ვარ უკრაინაში, დედა უკრაინელი მყავს და სამშობლოში დაბრუნდა 90-იან წლებში, იმ აუტანელი მდგომარეობის გამო, რაც საქართველოში შეიქმნა… რა დასამალია და, არ სწყალობდნენ სხვა ეროვნების ადამიანებსაც, ერთი ძმაც იქ ცხოვრობს. სამწუხაროდ, დედა ახლახან გარდაიცვალა.

„მამის პორტრეტი“

წლების მანძილზე, რაც დედა  მძიმე ავადმყოფი იყო და მეთვალყურეობა სჭირდებოდა, ამის გამო იქ ხშირად მიწევდა ყოფნა, თუმცა მაინც მოვახერხე რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობაც: თურქეთში, ტაილანდში, ეგვიპტეში, ესპანეთში, მხატვრისთვის მოგზაურობა დიდი სტიმულია, ვოცნებობ, მსოფლიოს კიდევ ბევრ კუთხეში   ვიმოგზაურო.
კიდევ ერთი ჰობი მაქვს, – ლექსების წერა, ბავშვობაში ქართულად ვწერდი ლექსებს, ახლა რატომღაც რუსულად ვწერ, ალბათ იმის გამო, რომ ოჯახში ქართულ-რუსულად ვსაუბრობდით, ორივე ენა ჩემთვის მშობლიურია.
– შორიდან დანახული საქართველო…
– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვცხოვრობ, მუდმივად საქმის კურსში ვარ აქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, უცხოეთში მცხოვრები ქართველები საშინლად განვიცდით ყველა წვრილმანს, რაც აქ ხდება, ცუდს თუ კარგს, გვინდა მუდამ წინ მიდიოდეს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ სასიკეთო ძვრები რატომღაც ნაკლებად შეიმჩნევა, სულ უფრო მეტი ქართველი ტოვებს ქვეყანას და ევროპისკენ მიემართება, ძალიან მინდა ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ, ეს მათი სურვილიცაა, მაგრამ ვუყურებ აქ ახალგაზრდობას, რომელიც დაუსაქმებელია და გული მიკვდება.
– უფრო მეტად ხელოვან და ჩვეულებრივ რიგით რუს ადამიანებთან გიწევთ ურთიერთობა. როგორია მათი განწყობა საქართველოს მიმართ?

„დის პორტრეტი – მაია დიაკონიძე“

– რუსეთში უბრალო ადამიანებს ქართველები უყვართ, ბევრი ჩემი ნაცნობი ოცნებობს საქართველო ნახოს, ბევრი ჩამოსულიც იყო აქ და აღფრთოვანებული დაბრუნდა უკან, საქართველოში მოგზაურობა და წმინდა ადგილების მონახულება ზოგიერთისთვის  ბედნიერების მომტანიც გამოდგა, ყვებოდნენ ქართველ საეკლესიო პირზე, რომლის კურთხევითაც ბევრ წყვილს შვილიც ეყოლა, რომელთაც გიორგი და თამარი დაარქვეს.
წლევანდელმა ზაფხულის ამბებმა ისევ არია ცოტა დაწყნარებული ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის. იმედია, ამ ორ ქვეყანას შორის აღდგება ჩატეხილი ხიდი.
– და ისევ რბატი… მოსათხრობი ბევრი გექნებათ, მითუფრო, რომ მრავალი ჯურის და ქვეყნის ადამიანები მოდიან მოსკოვის იმ ერთ ცნობილ ქუჩაზე…
– რთულია არბატზე მუშაობა, უნდა ხატო სიცხეში თუ სიცივეში, არ  გაქვს მოდუნების უფლება, რადგან შენი დახატული ნამუშევარი აუცილებლად უნდა მოეწონოს შემკვეთს, თითქოს ყოველი ახალი პორტრეტით გამოცდას აბარებ, იღლები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, მაგრამ ხშირად ისმენ საინტერესო ამბებს ადამიანებზე, იგებ ახალ ამბავს სხვადასხვა ქვეყნის შესახებ.
ერთხელ, მახსოვს, უცხოელი ქალბატონი დამიჯდა დასახატად, 2000-იანი წლები იდგა, მეუღლე სხვა მხატვართან დაჯდა, ორი წლის ბუთხუზა ბიჭუნა ჰყავდათ თან, რომელიც ხან დედასკენ გამოქანდებოდა და ჩაეხუტებოდა, ხან –  მამასკენ და რუსულად იძახდა „დედა“, „მამა“. როგორც მათი საუბრიდან გავარკვიე, ბიჭუნა ბავშვთა სახლიდან აეყვანათ და სამშობლოში მიჰყავდათ. საოცრად გახარებულები იყვნენ მშობლები, რომლებიც, სავარაუდოდ, 50 წლისანი იქნებოდნენ, წითელლოყება ბიჭის სიხარულს ხომ საზღვარი არ  ჰქონდა, რომ დედა და მამა იპოვა.

„ნათიას პორტრეტი“

როცა ქალის სახის ხატვა დავიწყე, გაოცებული დავრჩი, ქართველი ქალის თვალები შემომყურებდა, დამტვრეული ინგლისურით ვკითხე, სადაურები ხართ-მეთქი, ესპანეთიდან ვართო.
ვიჯექი და ვფიქრობდი, ნუთუ ესპანელები და ქართველები ასე ჰგვანან ერთმანეთს-მეთქი. მოგვიანებით იმანაც დამტვრეული ინგლისურით თვითონ გამომკითხა სადაურობა,  ქართველი ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი, სახე გაუნათდა, ბასკი ვარო, ჩვენ ნათესავები, ერთი ხალხი ვართო, – მონდომებით მიხსნიდა. ბავშვობაში მამა ამ ჰიპოთეზაზე ხშირად გვესაუბრებოდა, მტკიცებულებებიც მოჰქონდა. მისი ლაპარაკი გამახსენდა, დავიჯერე ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემ წინ სიყვარულით სავსე ქართველი ქალი იჯდა.
კიდევ ერთი ასეთი ამბავი გამახსენდა: 2006 წლის დასაწყისი იყო, ქალბატონს ვხატავდი, ოსი აღმოჩნდა, ვლადიკავკაზიდან. რომ გაიგო ქართველი ვიყავი, ძალიან გაეხარდა, მეზობლები მყავს ქართველები, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემო. გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც ოსები საქართველოდან წავიდნენ და მასობრივად მიაწყდნენ ვლადიკავკაზს. ადგილობრივ მოსახლეობას მოსთხოვეს სახლებიდან გამოეყარათ ქართველები და ისინი შეესახლებინათ. ადგილობრივი ოსები თურმე არ აჰყოლიან ამ პროვოკაციას, ქალს კი ასე უპასუხია ერთ-ერთი ლტოლვილისთვის: „ათჯერ ოსი რომ იყო, მე ჩემს ქართველ მეზობელს თავისი სახლიდან არ გავაგდებ და პრობლემებს არ შევუქმნიო“… ვფიქრობ, მათი საქციელი დიდსულოვანი და მისაბაძი იყო.
მახსოვს ასევე ერთი ოსი მამაკაცი, ისიც ჩრდილოეთ ოსეთიდან იყო, იმანაც რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, დიდი პატივისცემით განიმსჭვალა ჩემ მიმართ, სანამ მის ბიჭუნას ვხატავდი, წავიდა და უკან დაბრუნებულმა ოთხი ფლაკონი ფრანგული სუნამო მოიტანა, ორი – ქალიშვილებისთვის ეყიდა, ერთი – მეუღლისთვის, ერთიც ჩემთვის, როგორც ჩემს დას, ისე გიძღვნიო. მივხვდი, რომ  ჩრდილოეთ ოსეთში ოსები ძალიან დიდ პატივს სცემენ ქართველებს, ეტყობა, იქაურმა ქართველებმა  ეს დიდი სიყვარული  დაიმსახურეს.
ბევრი ჩვენებური ოსიც შემხვედრია, რომლებსაც ძალიან უყვართ და ენატრებათ საქართველო, მათ ოთხმოცდაათიანებში შიშის გამო დატოვეს საქართველო. სიამოვნებით დავბრუნდებით  უკანო, – ამბობენ.

„გვანცას პორტრეტი“

ამ ბოლო ხანს  მოსკოვშიც იგრძნობა ეკონომიკური კრიზისი, ნაკლებია პორტრეტებზე შეკვეთები, ცუდად იყიდება ნაცნობი მხატვრების ფერწერული ტილოებიც ვერნისაჟზე, ასე მგონია, რომ მხატვრები აღარავის ვჭირდებით, მაგრამ მრავალი შემთხვევა მარწმუნებს, რომ ოპტიმიზმით უნდა ვუყუროთ ცხოვრებას და ჩვენს საქმესაც.
ერთხელ 9 წლის ბიჭუნას ვხატავდი, გერმანელი იყო, რუსული იცოდა,  მან მითხრა, რა კარგია, რომ თქვენ არსებობთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და თავი დაგახატინოთ,  ჩვენთან ასეთი რამე არ არისო.
წარმოიდგინეთ, პორტრეტები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, ერთი სული აქვთ, როდის დაიჭერენ ნახატს ხელში და სახლში წაიღებენ, მშობლებს ვედრებით შესცქერიან, ჩვენი პორტრეტი არ დაგრჩეთო. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, რომ ბავშვები გაახარო.
აქ, თბილისში, რამდენიმე არტგალერეას ვესტუმრე, ვნახე, რომ მყიდველები მოდიან, ათვალიერებენ სურათებს, ირჩევენ, აფასებენ იცნობენ სხვადასხვა მხატვარს, ძალიან გამიხარდა, ყოველდღიურად ეწყობა გამოფენები, ე. ი. ხალხს აინტერესებს ნახატები, ხელოვნება, შეიძლება, უფრო მეტი დამთვალიერებელი და თაყვანისმცემელი რომ ჰყავდეს ხელოვნებას, უკეთესი იყოს, მაგრამ ნელ-ნელა ალბათ კიდევ უფრო გაუმჯობესდება მდგომარეობა, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს კულტურული განვითარებით დიდ ერებს შორის დგომას.
– ერთი ლექსი…
– ეს ლექსი რვა მარტს დავწერე, ახალგაზრდა ვიყავი, სადღაც 20-21 წლის, მოულოდნელად წამოვიდა თოვლი, უზარმაზარი ფანტელები ცვიოდა ციდან, ამ სილამაზემ გამაოცა და ლექსი დამაწერინა.

თოვლი

თოვლმა თეთრად გაანათა ბნელი,
აღარ მოჩანს ცაზე მთვარე გალეული,
სადღაც გაქრა ოცნებები ძველი
და ფიქრებიც, ფიფქებივით არეული.
თოვს ლამაზად, საოცარი გატაცებით,
ირგვლივ სუფევს სიმშვიდე და მოცლა,
მე რვა მარტი და შენ კი დღე დაბადების
დღეს თბილისმა თოვლით მოგვილოცა.
ალბათ, არც კი გახსოვს, შენთან როდის,
დაითოვლა მინდვრები და ველი,
თუმცა შორს ხარ, მაგრამ მაინც მოდი,
ვაჟკაცურად მომაწოდე ხელი.
მომაწოდე, მწამს ხელების სითბო,
თოვლს გაადნობს, დარს მოიყვანს ვინძლო,
შენ სამშობლს სინაზე და სითბო,
მე კი მისი ძლიერება ვიგრძნო.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

„ქობულეთის მიდამოები“
„სოფოს პორტრეტი“
„ციხისძირი“
„მთის მდინარე“
„მიმოზები“

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები