ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის
ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, არაკორექტურობისთვის. შინაარსი იყო, რომ ის ადამიანი გადავიდა და იცოდა, რას აკეთებდა. მან იცოდა, რა რისკზე მიდიოდა და მე არ შემიფასებია, ეს ცუდია თუ კარგია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძემ განაცხადა.
კუხიანიძემ აღნიშნა, რომ მეორე დღესვე უნდოდა რეაგირების გაკეთება და რაღაცების შეცვლა, თუმცა საკუთარი ქმედების შედეგს დაელოდა.
„ის, რაც მოხდა, იგივე ჩემი რეაგირება, აღვნიშნე კიდეც „ფეისბუქში“, მეორე დღეს სხვათა შორის, თუმცა დილიდანვე მინდოდა, რეაგირება გამეკეთებინა და შემეცვალა რაღაცები, რაც მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი. მაგრამ ისეთი რაღაც დამხვდა „ფეისბუქზე“, ისეთი შეურაცხმყოფელი და სასწაული წყევლები, ბავშვებზე, მშობლებზე, საფლავების ტრიალი, რომ არ ვიცი, გადაცდა ყოველგვარ ზღვარს. დაველოდე ასე ვთქვათ ის დღე, რომ არ გამოსულიყო ისე, რომ შეეშინდა, მოხსნა და ა.შ. დაველოდე, რომ მიმეღო რეზულტატი ჩემი ქმედების. საღამოს შევცვალე და დავწერე, რომ არ არის სწორი ემოციური და გაღიზიანებული მდგომარეობები და დავწერე ისე, ვთქვათ როგორ დავწერდი, რომ არ ვყოფილიყავი იმ დღეს სტრესში და რაღაცას არ გამოვეყვანე მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, იქ არ იყო უხეშობა, იქ არ იყო დედის მოხსენება, ჩემთვისაც ძალიან უსიამოვნო და მიუღებელია, პირდაპირ გეტყვით“, – განაცხადა კუხიანიძემ.
საკრებულოს წევრმა ხაზი გაუსვა, რომ ის თავის მიერ დაწერილი სიტყვების გამო წუხს.
„არ მინდა ტრაფარეტული გამოვიდეს, რომ ვიღაც ჩააგდეს ისეთ მდგომარეობაში, თითქოს იძულებულია, რაღაც გააკეთოს. არა, მე იძულებული არ ვარ არაფრის, არავისთან ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს, რომ ვინმემ რაღაც მაიძულოს, მაგრამ გამოვთქვამ ძალიან დიდ წუხილს იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, ემოციებმა ჩემზე მოახდინა მოქმედება და დავწერე ის, რაც დავწერე. მაგრამ ეს შეცვლილია და ვფიქრობ, რომ იგივე ბატონი ვაჟაც და მისი ოჯახიც მომართულია პოზიტივზე, მომავალზე, იმაზე, რომ პირველ რიგში ეს ადამიანი იყოს გამოხსნილი იქიდან და რომ ჩვენ მოვახერხოთ და ეს ძიმე სიტუაცია ქვეყანაში შევცვალოთ“, – აღნიშნა კუხიანიძემ.
კუხიანიძემ საჯაროდ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მას ვაჟა გაფრინდაშვილის საქციელი ცუდად ან კარგად არ შეუფასებია.
„რა თქმა უნდა, ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, არაკორექტურობისთვის. შინაარსი იყო, რომ ის ადამიანი გადავიდა და იცოდა, რას აკეთებდა. მან იცოდა, რა რისკზე მიდიოდა და მე არ შემიფასებია, ეს ცუდია თუ კარგია. შემდეგ მე დავწერე, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, არამედ მთელი მსოფლიოს საზოგადოებაა ამაში ჩართული და მაქსიმუმს აკეთებს. ამ ფონზე, როდესაც ჩვენმა მთავრობამ მიიღო ისეთი შეფასება ოჯახის მხრიდან, რომ არ კეთდება საკმარისი და ეს მთავრობაა ის მთავრობა, რომელიც იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს, ტაშ-ფანდურს მართავს და ეზეიმება, როცა არაფერი საზეიმო არ არის, ამან ჩემზე ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა“, – განაცხადა კუხიანიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.